აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, დაკმაყოფილებულია

26/07/2023

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები სადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით დაკეტვა მოგვიწევდა. დღეს კი მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნულ პროექტზე საუბრისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესში უკვე დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. მისი თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი სადგურის დაბლა ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.

„უახლოეს პერიოდში ასევე, დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება იგეგმება. მისი თქმით, კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით, მეტროს განახლებისთვის, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი.

„ADB-ის სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება. საქართველოში ჩამოდის კომპანიის ხელმძღვანელი, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან. ზემოაღნიშნული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში, კომპანია შეისწავლის 12 მეტროსადგურის გამტარუნარიანობას, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წვდომას, მისი გაუმჯობესების მიზნით “, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დედაქალაქს გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები ექნება.

„მეტროს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებისთვის ასევე, მივიღეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერა. ამ ორი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით, დედაქალაქს ექნება გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული მეტროსადგურები. როდესაც დავიწყეთ ავტობუსების განახლება, ბევრს ეგონა, რომ ამას ვერ შევძლებდით, რადგან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, სრულად განახლდა ავტობუსების პარკი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც უცხოელი და ქართველი სპეციალისტების აქტიური ზედამხედველობით განხორციელდა.

„დავიწყეთ „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა განახლებასა და მოწესრიგებას. ამჟამად, დაახლოებით, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები უკვე დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, რისთვისაც სპეციალური კონსტრუქციები მოეწყო, აღდგა დეფორმირებული კიბეებიც. ამასთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს რეაბილიტირდა ხიდის დაზიანებული ბურჯი. დღეს „მშვიდობის ხიდი“ ყველანაირად უსაფრთხოა, სამუშაოები კი დასრულებული. ერთადერთი, რაც დარჩა და მომდევნო თვეების განმავლობაში გაკეთდება, ხიდზე ახალი განათებების მონტაჟია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, საბურთალოს რაიონში რეკრეაციული სივრცეა, რომელიც დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რაიონის გამგეობამ მოაწყო. კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი – აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, დაკმაყოფილებულია.

„ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პროექტის – საფეხბურთო მოედნის მოწყობას აპროტესტებდა. ისინი რეკრეაციულ სივრცეს ითხოვდნენ. მათი სურვილი შესრულებულია. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, აღნიშნულ მონაკვეთზე, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოაწყო. ტერიტორიაზე დაირგო, დაახლოებით, 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. თბილისის მერის თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს.

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე 08:00-დან 11:00 საათამდე, ხოლო 11:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე, დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სანქციების მიზანი არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვაა.

„რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის ვუშლით. პირიქით, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა, არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირის საფეხმავლო ნაწილზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს. მისი თქმით, კაფეების ქაოსური განლაგება კი ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის.

„თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოსურად განთავსებული ღია კაფეები გადაადგილებისას პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ზოგადად, ამ ქუჩაზე მოსიარულეებს. ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ან რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში აღნიშნული სივრცე რეაბილიტირდა და ერთი სიამოვნება იყო იქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს, რომლებიც ყოველგვარი ნებართვების გარეშე ფუნქციონირებს. გვახსოვს პანდემიის პერიოდი, როდესაც ყველანაირად გვერდში დაგიდექით და მხარი დაგიჭირეთ, რომ აღნიშნული სივრცეები გარეთ მოგეწყოთ, რადგან დახურულ სივრცეში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. იმისთვის, რომ თქვენს ბიზნესს, თქვენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ შეჰქმნოდა პრობლემა, მოგეცით საშუალება, გარე სივრცეები გამოგეყენებინათ, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ვიზუალური, ასევე გადაადგილების თვალსაზრისით – იმდენად არის გამოწეული ორივე მხარეს, რომ გავლა შეუძლებელია, სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭიროების დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე.

„გეძლევათ ვადა, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოთ როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ნებართვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს რეაგირება და მუნიციპალური ინსპექცია იქნება ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად. გაქვთ დრო იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ვიზუალურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი პირველ რიგში, თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და ქალაქისთვისაც. არავინ არაფერში გზღუდავთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში. ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ან იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი. კახა კალაძემ შეჯიბრში მონაწილე ჩოგბურთელებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„თბილისში არაერთი საერთაშორისო ტურნირი ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში და თითოეული მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მივესალმებით და ვცდილობთ, სპორტის მიმართულებას მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს. ამჯერად, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“. შეჯიბრში მონაწილეობს 15-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი. ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩოგბურთის პოპულარიზაციას, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენებს, აიმაღლონ ოსტატობა და ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული შეჯიბრი მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სარეიტინგო ქულების ამაღლების მხრივაც. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩოგბურთელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ აქტივობებს მუდმივად შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0