პარლამენტის პლენარულ სხდომა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვით დაიწყო. სხდომაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განხილვისთვის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ წარადგინა. კანონის პროექტის თანახმად, 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი) აკრედიტებულად ჩაითვლება 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.
გუგული მაღრაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების გარეშე, 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ დაექვემდებარება ხელახალ აკრედიტაციას, რაც გულისხმობს ამ პროგრამების არსებით შინაარსობრივ ცვლილებას, რაც გამოიწვევს 2017 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტთათვის სწავლების გახანგრძლივებასა და სხვა კომპონენტების გავლასაც. მაშინ, როდესაც მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონმა, ამ სტუდენტებისთვის, განსაზღვრა დარჩენილ ვადაში – 2022-2023 სასწავლო წლამდე – არსებული პირობებით, შინაარსითა და მისანიჭებელი კვალიფიკაციით საგანმანათლებლო პროგრამების დასრულება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები III მოსმენით წარადგინა.
სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი რომლის თანახმად, იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები კერძოდ, ფარავნის ტბის აღკვეთილი, საღამოს ტბის აღკვეთილი, აბულის ტბის აღკვეთილი. კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება აღნიშნული დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად, მესამე მოსმენით წარადგინა.
პროექტის თანახმად, მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.
კანონმდებლებმა განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.
„აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას და აგრეთვე, დაადგენს იმ სტანდარტებს რომლითაც უნდა მოხდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა სხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, გემის საერთო ტევადობის მიხედვით დაკონკრეტდა პასუხისმგებლობის ზომები (ჯარიმები) საქართველის ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევისათვის. ამასთან, დაზუსტდა ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევის პასუხისმგებლობა, თუკი ის ჩადენილია გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით, ტექნიკური გაუმართაობით ან პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უგულებელყოფით, რომელიც სახიფათოა მისი უსაფრთხო ნაოსნობისათვის. გარდა ამისა, დაკონკრეტდა პასუხისმგებლობის ზომები ასევე, ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევისა და საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევისათვის თუკი ამგვარი ქმედებები ჩადენილია კონკრეტული საშუალებებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით წარადგინა.
„კანონის პროექტის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, კონტროლირებადი მიწოდების დროს განახორციელონ შესაძლო ნივთიერი მტკიცებულებების სრულად და ნაწილობრივ ჩანაცვლება წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით, ან სხვა ობიექტით. ასევე, კონტროლირებადი მიწოდების ცნება დაუახლოვდება ტრანსნაციონალური ორგანიზაციზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციაში არსებულ განმარტებას. ამასთანავე, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ საკონტროლო შესყიდვის დროს განახორციელონ მომსახურების შეძენა“, – განაცხადა მომხსენებელმა.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.
„კანონის პროექტით ხდება ერთობლივი ოპერაციების ცენტრის და დღეს მოქმედი „112“-ის გაერთიანება, რათა კრიტიკულ სიტუაციაში მენეჯმენტი იყოს უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა.
„ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ კანონპროექტი, სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარადგინა. „კანონის პროექტი ეხება საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების უზრუნველყოფას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მანვე, მეორე მოსმენით წარადგინა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი. კანონის პროექტი აწესრიგებს დერივატივის დადების, ურთიერთგაქვითვისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე, რეგულირდება საქართველოში დერივატივების ბაზრის განვითარებასთან, ურთიერთგაქვითვასთან, ფინანსური გირავნობის და დერივატივის დადებისათვის აუცილებელი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები.
„კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი დერივატივების ბაზრის განვითარებისთვის. სამართლებრივი სიცხადის შემოტანა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული საკანონმდებლო ჩარჩო ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ უცხოელ კონტრაჰენტებთან ხელშეკრულების დადებას. ეს გაუიაფებს უცხოურ ვალუტის რესურსებზე ქართულ ფინანსურ სექტორს წვდომას და ამასთან, გამოუთავისუფლებს მათ კაპიტალს, რომელიც დამატებით რესურსს გააჩენს ეკონომიკაში. დერივატივები ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის რისკების მართვას. თანამედროვე საქართველოში, გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთების ცვალებადობის პირობებში, ამგვარი რისკების მართვა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა მომხსენებელმა.
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან ფიზიკური პირები 2020 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში შედის, რომელიც სხდომაზე კოლეგებს პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვების შემდეგ, სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტებს. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 12 დეკემბერს, 12 საათზე დაიწყება მანამდე კი, 11.30 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება.