უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო კანონპროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“. ზოგადი პრინციპების შესახებ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ისაუბრა.
„კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 41%-ს შეეხება, რადგან სწორედ ამდენი ცხოვრობს სოფლად და ისინიც კი, ვინც უშუალოდ არ არიან სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართული, სოფლად ხარისხიანი ცხოვრების პირობებს იმსახურებენ და სწორედ ამ ორი პრინციპის დაკავშირებით – „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ – ჩვენი კანონპროექტი განსაზღვრავს პოლიტიკის განხორციელებისთვის აქცენტებს და ასევე ქმნის ჩარჩო დოკუმენტს შემდგომი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, წარმოაჩენს ხედვასა და მიზნებს დარგში პოლიტიკის განსახორციელებლად, ქართული კანონმდებლობა ასევე არ იცნობს ფერმერის ან/და ფერმერული მეურნეობის სტატუსის განმარტებას.ნინო წილოსანის განცხადებით, კანონპროექტით აქცენტი კეთდება სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში ინვესტიციებზე, ექსტენციის სერვისებზე, საწარმოო ტექნოლოგიებზე, მიწის და წყლის მართვის სისტემებზე, სოფლად ცირკულარულ ეკონომიკაზე, გარემოსდაცვით სერვისებზე, სოფლის ინფრასტრუქტურაზე, გზებზე, ციფრულ კავშირზე, სახელმწიფო სერვისებსა.
„აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ კავშირშია ევროკავშირთან და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან და შემდგომ ნაბიჯებთან, რადგან ევროკავშირის ინსტიტუციების მიერ გამოცემულ შეფასების იმ დოკუმენტში, სადაც საქართველოზეა საუბარი, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კანონის პროექტი მოხსენიებულია როგორც პოზიტიური ინიციატივა და, რა თქმა უნდა, კანონის მიღება ასევე იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განიმარტება ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების და სოფლად საწარმოთა რეესტრი და სხვა. კანონპროექტის მიზანია: სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელება, ასევე, ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.