თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის – „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს, დავით აღმაშენებლის გამზირ N46-ში მდებარე ისტორიული შენობის აღდგენა-რესტავრაცია.
სახლი პოლონელმა მეწარმემ, სიმონ ალექსანდრეს ძე სლივიცკიმ სახელგანთქმული გერმანელი არქიტექტორის, ლეოპოლდ ბილფერდის პროექტით ააშენა. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის ფონდებში დაცული პროექტის მიხედვით, შენობა 1879 წლით თარიღდება.
ისტორიულ სახლს ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრებისთვის აუცილებელი სამუშაოები, კარ-ფანჯარა მაღალი ხარისხის ხის მასალით შეიცვალა. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდა მხატვრულ-დეკორატიულ დეტალებს, დასრულდა გადახურვის სამუშაოები, ძველი დაზიანებული ღობე დაიშალა და მის ნაცვლად იგივე ტიპის ახალი ღობე აშენდა. გარდა ამისა, ეზოში მდგარი მცირე ზომის ნაგებობის რეკონსტრუქციაც მოხდა.
ამჟამად სუფთავდება და ილესება ფასადი, სადარბაზოში ხდება კედლებიდან საღებავების სქელი ფენის მოცილება. ეზოში მოეწყო ბეტონის კიბე, რომელიც ბაზალტით მოპირკეთდება.
სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, დაგეგმილია ხის მოაჯირების, შუშაბანდის და ხის მხატვრულ-დეკორატიული ფრაგმენტების რესტავრაცია.
დავით აღმაშენებლის გამზირზე N46-ში მდებარე შენობის სარესტავრაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ისევე როგორც ყველა სხვა მისამართზე, 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.
აღმაშენებლის გამზირ N46-ში შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17/06/2016