აღმაშენებლის გამზირზე საკომუნიკაციო ქსელები მთლიანად იცვლება

16/06/2016

აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო – კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ახალი სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელის მოწყობას, ძველი საკანალიზაციო ქსელის დემონტაჟს და ახლით შეცვლას, ასევე ახალი მაგისტრალური წყალსადენის მილის მოწყობას.

ამჟამად, აღმაშენებლის გამზირზე ახალი მაგისტრალური გაზსადენის მილი და ელექტრომომარაგების ქსელი მონტაჟდება, ასევე მთლიანად იცვლება წყალსადენის ცენტრალური მილი.
დღეის მდგომარეობით, სამუშაოები სამ უბანზე მიმდინარეობს: რომის ქუჩიდან – ზაარბრიუკენის მიმართულებით, რომის ქუჩიდან – ჭოროხის ქუჩის მიმართულებით და ჭოროხის ქუჩიდან – აბაშიძის ქუჩის მიმართულებით.
ჭოროხის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით დასრულებულია საკანალიზაციო ქსელის შეცვლის სამუშაოები. ასევე, იცვლება სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები.

ივნისის ბოლოს დასრულდება ჭოროხიდან აბაშიძის ქუჩამდე საკომუნიკაციო ქსელების სამუშაოები, რომლის შემდეგაც მოხდება ახალ სისტემებზე დაერთება.

რაც შეეხება პირველ და მეორე უბანს, დაახლოებით თვის ბოლოსთვის დასრულდება რომის ქუჩიდან ზაარბრუკენის მიმართულებით ახალი საინჟინრო ქსელების მოწყობა. ხოლო, რომის
ქუჩიდან ჭოროხის ქუჩის მიმართულებით სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
საინჟინრო – საკომუნიკაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0