თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, N30 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ პარკი გაშენდება. მისი თქმით, მსგავსი ფართობის პარკის მოწყობა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„ჩვენს ქალაქს ისე არაფერი უხდება, როგორც მწვანე სივრცეები. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N30 კორპუსის მიმდებარედ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა – დაახლოებით, 8 700 კვადრატული მეტრი ფართობია, რომელიც მიტოვებული და მოუწესრიგებელია. ირგვლივ სულ კორპუსებია და რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ სივრცეში პარკის მოსაწყობად პროექტი შემუშავდეს.
„ამ ადგილიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებარეობს N192 საჯარო სკოლა და ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღი. თუ ეს სივრცე მოეწყობა, იგი იქცევა მოსახლეობის თავშეყრის ძირითად ადგილად, რადგან მსგავსი ფართობის პარკი მე-3 მიკრორაიონში არ არსებობს. ვავალებ ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, შემუშავდეს პროექტი, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგდეს და პარკი გაშენდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. მშენებლობის მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება.
„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რაც მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით, პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტი კი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ყველა ნაბიჯი ამის შესაბამისად გადადგას.
„მიუსაფარი ცხოველების თემა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქალაქისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით. თბილისში უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვანაირად, შეუძლებელი იქნება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. პარლამენტში უკვე დაწყებულია აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრა. არის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს ამ ცვლილებებზე ინფორმაციის მიღების საშუალება. არაერთხელ მითქვამს, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კახა კალაძემ გაამახვილა ყურადღება, გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში დაგეგმილი ცვლილებებია. კერძოდ, მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით.
„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე – ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც შერჩეული გადაწყვეტის ეფექტურობაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ზურაბ ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტერიტორიაზე არსებული კვანძის დიზაინის ცვლილება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის.
მისი თქმით, ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციის შესახებ სოციალურ ქსელში არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.
„სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს, საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ. გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა წარმოადგინა ფოტო მასალა, თუ როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული მოედანი სამუშაოებამდე.
„ჟვანიას მოედნის მონაკვეთზე დღის განმავლობაში, მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. აქ ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ქაოსი იყო, ასევე, მოედანზე ე.წ. მცირე ზომის ბოძები იდგა, რაც კუნძულებს ქმნიდა. სამუშაოების შედეგად კი, არსებულ კუნძულებს ვამწვანებთ და მათი ფართობი 565-დან 396 კვადრატულ მეტრამდე შეიცვლება. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო ავტომობილებთან ერთად, საცობში არ უნდა იდგეს. როგორც განვითარებულ ქალაქებში გატარდა აღნიშნული რეფორმა, ჩვენთანაც მისი განხორციელება თბილისზე მორგებული გადაწყვეტილებით ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გოგი ჩიქოვანი წარადგინა. იგი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
„გვაქვს საკადრო ცვლილებები. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანი, რომელიც აქამდე იკავებდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. მას ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. გოგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე, ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო კახა გვანცელაძეს, რომელიც აქამდე იკავებდა სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას. მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოსტი დაეტოვებინა. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას. მადლობას ვუხდი გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ მიმართულებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
„აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი თანამშრომელი, დემურ კვირიკაშვილი წარადგინა, რომელიც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში მუშაობს.
„მინდა, გაგაცნოთ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დემურ კვირიკაშვილი, რომელიც ჩვენს ქალაქს 40 წელზე მეტია ემსახურება. სწორედ მისი აქტიური ჩართულობით, დედაქალაქის ბევრ ქუჩასა და მაგისტრალზე შეიცვალა საგზაო მოძრაობა, განახლდა მოძრაობის ტექნიკური საშუალებები, დამონტაჟდა მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებლები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საგზაო მოძრაობა და შეამცირა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკები. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადებული და ინიციირებულია „საგზაო ნიშნების, საგზაო მონიშვნების და შუქნიშნების გამოყენების წესების“ პროექტი. ასევე, მომზადებული აქვს „საქართველოს გზებზე, ქუჩებსა და მათ მიმდებარედ სხვადასხვა სახის სამუშაოების წარმოების დროს მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების“ პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად თბილისის საკრებულოს წარედგინება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დემურ კვირიკაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომდევნო წლებში წარმატებები უსურვა.