აქტიურ საარჩევნო კამპანიაში არ ჩავერთვები

12/07/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას არ აპირებს და გეგმავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელოს საქმიანობა. ამის შესახებ გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა პარტიულ საქმიანობაში ჩართული და იქნება თუ არა მაჟორიტარი დეპუტატი ”ქართული ოცნებიდან”.

”არც მაჟორიტარად, არც საარჩევნო სიაში ყოფნის არც სურვილი მაქვს და არც შეთავაზება არ მქონია. შესაბამისად, ჩემი საქმიანობა პარტიული ნიშნით შეიძლება იყოს შიდა პარტიულ ფორმატში, ხოლო რაც შეეხება აქტიურ საარჩევნო კამპანიაში არ ჩავერთვები”, -განაცხადა აგულაშვილმა.

კითხვაზე, მიიღო თუ არა გარანტია პრემიერისგან, რომ არჩევნებში ”ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ იქნება თუ არა მთავრობაში, აგულაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების დროს საუბარი მომავალზე იყო, თუმცა მისთვის ამოსავალი წერტილი არ არის გარანტიების მიღება.

”ჩემთვის საკმარისია ის ამოცანები, რა ამოცანების განხორციელებასაც გეგმავს პრემიერ-მინისტრი, ასევე, ის პირადი ურთიერთობა, რაც ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან, პირადად მასთან და ასევე გუნდის სხვა წევრებთან”, -განაცხადა აგულაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0