აქამდე ძირითადად გამოიყენებოდა იმპორტირებული პროდუქცია

28/04/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლის, კომპანია “ნოვას” ახალი საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა. თბილისსა და ბათუმში კომპანიამ სამი ახალი საწარმოო მიმართულება საკუთარ პორტფელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით დაამატა. შედეგად, “ნოვა” იქნება პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელიც XPS-ის წარმოებას დაიწყებს. აღნიშნული პროდუქცია ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, კომპანია ქართული წარმოების 4 დასახელების წებო-ცემენტსა და ბეტეკის წებო-ცემენტს, ასევე შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალ მილებს შესთავაზებს მომხმარებელს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერის შედეგად, კომპანია იწყებს ისეთი პროდუქციის წარმოებას, რაც მანამდე არ იწარმოებოდა საქართველოში და ეს უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორის აქტიურად განვითარებაში.

„აქამდე ძირითადად გამოიყენებოდა იმპორტირებული პროდუქცია, ახლა კი „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გაჩნდა შესაძლებლობა, გვქონდეს ადგილობრივი წარმოება. პროდუქცია მოხმარდება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარს და 120 მილიონი ლარის იმპორტს ჩაანაცვლებს, არამედ კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, გავიდეს ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე.

ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების მიზნით, კომპანიამ ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 80 ადამიანი დაასაქმა. ჯამურად „ნოვა“ საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0