გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზეთთან ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია, კულტურა, თანაცხოვრება. აფხაზეთი დღეს ოკუპირებულია; ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთიანობა აღდგეს, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მთაწმინდის პარკში აფხაზეთობის ღონისძიებაზე საზოგადო მოღვაწეების აფხაზეთში გადაღებული დღემდე უცნობი ფოტოების გამოფენა მოეწყო, გაიმართა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფილმის ჩვენება და ციფრული მუზეუმის საშუალებით სტუმრებმა უნიკალური ძეგლები ვირტუალურად დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან, 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება.