აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ჩვენი აგური დავდოთ საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგში,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დედოფლისწყაროელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარადგინა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არცერთი ადამიანის ხმა დასაკარგი არ არის. “დღეს არის აბსოლუტურად წყნარი საარჩევნო გარემო და მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე.
თითქმის ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, რომელში მონაწილეობაც უმნიშვნელოვანესია. საარჩევნო უბანზე ჩვენი არ მისვლით, არავის ვაჩუქოთ ჩვენი ხმა. დღეს გამორიცხულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა არ მისული ადამიანი, არის დაკარგული ხმა. ამიტომ, ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდოთ, არის ის, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ და ყველა ხმა მიიღოს იმ ადამიანმა და იმ პარტიამ, რომელსაც ამომრჩეველი უჭერს მხარს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება პატრიოტი, საქმიანი ადამიანები, სწორედ ისეთები, როგორიც ირაკლი შიოლაშვილია. „ ირაკლის ყველა თქვენგანი იცნობს. ალბათ უხერხულიც კი იქნება მე რომ ვილაპარაკო თქვენთან მის შესახებ. ის არის მართლაც ძალიან აქტიური ადამიანი, არცერთი დღე არ მოუსვენებია აღმასრულებელი ხელისუფლება ამ რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი, ყველა თქვენგანის ხმის მიმტანი საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
დედოფლისწყაროს მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. კახა კალაძემ 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს მოუწოდა ამ დღეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირონ. “მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მე მინდა გთხოვოთ ყველას, თითოეულ თქვენთაგანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მივიდეთ 8 ოქტომბერს და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. ჩვენ შევცვალეთ ის მძიმე რეალობა, რომელიც იყო ქვეყანაში 2012 წლამდე. დღეს უკვე, ისე როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა კარგად განიხილოს ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნის განვითარების და კარგი დაფიქრების შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდონ ქვეყნის მმართველობა ხვალ. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია და ეს იქნება თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის გამარჯვება, რადგან ამ გუნდის გამარჯვება ნიშნავს საქართველოში თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი შიოლაშვილმა კახეთის რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. „მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ პრემიერს ჩამობრძანებისთვის, ამ დიდი ნდობისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩემი სახით, როცა ვიყავით გუბერნატორი, როცა ვიყავი გამგებელი. დიახ, ჩვენ ვთქვით და პირველი რაიონი იყო დედოფლისწყარო, სადაც საბავშვო ბაღები გავხადეთ უფასო. სწორედ დედოფლისწყაროდან მიეცა საფუძველი უფასო ბაგა-ბაღებს.3 თვის შემდეგ უკვე მთელს საქართველოში საბავშო ბაღები გახდა უფასო და ეს თქვენთან ერთად, დედოფლისწყაროელებთან ერთად გავაკეთეთ. მოვყევით და ყველა სკოლას ხელი დავატყვეთ. განსაკუთრებით მინდა ვთქვა, ჩვენ შევქმენით კახეთისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. სისტემა, რომელმაც, თუნდაც რამდენიმე დღის წინ სრულიად კახეთი დაიცვა ძალიან დიდი საშიშროებისგან. ჩვენ ვიყავით და ვართ ის მთავრობა, რომელმაც მილების ამოღებისა და ჯართში ჩაბარების ნაცვლად დაიწყო მელიორაციის სისტემის აღდგენა. თუ გვინდა მაღალმოსავლიანი კახეთი, აუცილებელია მელიორაციის სისტემებზე მუშაობა. დიახ, ჩვენ შევძელით ის, რომ იმ სოფლებში,სადაც ელექტროენერგია საერთოდ არ ყოფილა, ბატონ კახა კალაძესთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე სოფელში, ნანატრი ელექტროენერგია მივიყვანეთ. დიახ, ჩვენ შევძელით ის, რომ რამდენიმე სოფელში, სადაც ბუნებრივი აირი საერთოდ არ ყოფილა, ამ სოფლების გაზიფიცირება მოვახდინეთ.ამასთან, დარწუნებული ვარ, რომ ქედების ზონაში, ჩვენ ძალიან მალე ბუნებრივი აირი გვექნება. ჩვენი მომავალი სამუშაო გეგმა იქნება, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩვენს მხარეში. ეს იქნება გამოცოცხლება ჩვენი კუთხის და ჩვენი მხარის“,-აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება ასევე გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ საკუთარი დანაპირები შეასრულა-დედოფლისწყაროში ახალი საავადმყოფო იხსნება.
აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე
24/09/2016