საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია” მწვანე პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართეს.
„მთავრობის მწვანე პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი, ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები. როდესაც ლაპარაკია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ატმოსფერული ჰაერის დაცვის პრეზენტაცია წარმოაგდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებულ წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა.
„ჰაერის ხარისხი უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროსა და ზოგადად მთავრობის ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშისა და სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების წარდგენასთან ერთად, დამსწრე საზოგადოება სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს, air.gov.ge გაეცნო. პორტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა წარადგინა.
პორტალი, სამინისტროს ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ჰაერის ხარისხის პორტალი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს. პორტალის საშუალებით დაინტერესებული პირები მათთვის მარტივად გასაგები ინდექსებით მიიღებენ უახლეს ინფორმაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ჯანდაცვით რეკომენდაციებსაც.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი.
შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.