საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ასურეთი ისტორიული სოფელია, სადაც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ჩასახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, სოფელში მრავლადაა გერმანელი მოსახლეობის მიერ აშენებული სრულიად განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურის საცხოვრებელი სახლები. პროექტის ფარგლებში ასურეთში 2 ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 9 აპრილის ქუჩაზე 1, 2 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის, სანიაღვრეების, რკინა ბეტონის კიუვეტების, ეზოში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები ტარდება. შვაბების ქუჩის 1.1 კილომეტრიან მონაკვეთზე გათვალისწინებულია ქვაფენილიანი საფარის, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო სისტემების, ქუჩის განათებისა და ღობეების მოწყობა. სოფელში, ასევე, იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია ავთენტურობის შენარჩუნებით. პროექტის განხორციელების შედეგად, გარდა იმისა, რომ მოსახლეობა კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას, ასურეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი სოფელი გახდება, რაც აღნიშნული სოფლით გერმანელი ტურისტების დაინტერესებას შეუწყობს ხელს. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ასურეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
13/10/2016