ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს ურყევს გახდის

26/04/2016

რთული პოლიტიკური ვითარებების მიუხედავად საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან მიერთების მნიშვნელოვნად მაღალ დონეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც prof-news-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზვიად კვაჭანტირაძემ ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელების აუცილებლობას ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებთან დაახლოებისთვის.

„მოცემული რთული პოლიტიკური ვითარებების მიუხედავად საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან მიერთების მნიშვნელოვნად მაღალ დონეს. ასოცირების ხელშეკრულება ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ და დემოკრატიულად გამოხატულ ნებას. ევროატლანტიკურ არჩევანს სრულად უჭერს მხარს ჩემი ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა. ეს არჩევანი აერთიანებს პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან უმრავლესობას. არსებული და მზარდი საგარეო ზეწოლის წინააღმდეგ ჩვენ მეტად უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა რეფორმების გატარების მიმართულებით და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის მაქსიმალური რესურსი გამოვიყენოთ, რათა შედეგად მივიღოთ მეტი სამუშაო ადგილი, ექპორტის ზრდა, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში“,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს ურყევს გახდის. „ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ყველა მიმართულებით თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაჰყავს, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას გარდაიქმნას ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0