„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ სიტუაციაში და ამას ყველა ვაცნობიერებთ, იმედია. ეს ექსტრაორდინალური სიტუაცია არის სწორედ ის ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და რომელიც რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის საქართველოს უსაფრთხოებასთან. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია ქვეყნის და კონსოლიდაცია სახელმწიფო ინსტიტუტების გარშემო და რა თქმა უნდა, მთავრობა გახლავთ ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც წარმართავს როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო საკითხებს და მნიშვნელოვანია აქ სწორედ მხარდაჭერა და კონსოლიდაცია მთავრობის გარშემო და არა დისკრედიტაცია, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ ხოლმე ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან“, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი ამოცანა, რაც უნდა ჰქონდეს ყველას, პოლიტიკოსს, თითოეულ მოქალაქეს, ხელისუფლებას, მის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს -ვეს არის სიმშვიდე ქვეყანაში, ვინაიდან, მისივე თქმით, ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, სადაც გაზრდილია რისკები, ადვილია პროვოკაციები და აქედან გამომდინარე, სიმშვიდის შენარჩუნება არის ყველას ვალდებულება და პასუხისმგებლობა.
„მთავარი ამოცანა, რაც უნდა ჰქონდეს ყველას, პოლიტიკოსს, თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, მთავრობას, ხელისუფლებას, მის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს – ეს არის სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, სადაც განსაკუთრებით არის დიდი და გაზრდილი რისკები, ვხედავთ, რომ ადვილია პროვოკაციები. აქედან გამომდინარე, ამ სიმშვიდის შენარჩუნება გახლავთ ყველას ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით უნდა ვუყუროთ ყველაფერს. რაც შეეხება პარლამეტში არსებულ განწყობებს, თავისთავად, ის უნდობლობა, რომელიც არის პარტიებს შორის და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, არ არის ახალი. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა ამ მომენტში ერთობა, მაგრამ ეს არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება იყოს ადვილი ამ ერთობის პოვნა, აქ რაც ახლა არის მნიშნელოვანი, ეს არის კონსოლიდაცია. არა შეიძლება თანხმობა ყველაფერზე, არამედ კონსოლიდაცია და იმის გათვალისწინება, რომ ასეთ ექსტრაორდინალურ სიტუაციაში მნიშნელოვანი არის დემოკრატიას მივანდოთ მათ შორის ჩვენი საკითხები. დემოკრატია კი გულისხმობს წარმომადგენლობას პარლამენტში, გულისხმობს არჩეულ მთავრობას და შესაბამისად, კონსოლიდაცია უნდა იყოს ჩვენი მთავრობის გარშემო. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ეს პერიოდი ერთობით და სიმშვიდით გავატაროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მთვარობის მიერ უკრაინისადმი გამოხატულ მხარდაჭერაზე და საერთაშორისო ასპარეზზე ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
„თუკი შევხედავთ ჩვენი მთავრობის საქმიანობას ამ მხრივ, ერთი, ეს არის მნიშვნელოვანი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში სიმტკიცე. გუშინწინ, გაერო-ში, საქართველოს თანაავტორობით, მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც ამ აგრესიას გმობს. დღეს, ჩვენი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება პარიზში, სადაც იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა საკითხების კომიტეტების თავმჯდომარეების კონფერენცია, რომელზეც მიწვეული გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეც, სადაც შემუშავებული იქნა განცხადება, რომელსაც შესაბამისად მიუერთდება რა თქმა უნდა, საქართველოც. ჩვენი მთავრობა არის მტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში, პოლიტიკურ მხარდაჭერას რაც შეეხება. მეორე, ეს გახლავთ ჰუმანურობა, რაც მნიშვნელოვანი არის, ის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან დარჩენილი საქართველოში. საქართველოს მთავრობა ზრუნავს მათ განთავსებაზე და საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ლტოლვილების მიღებაზე თუკი ამის საჭიროება არის, რომ საქართველოში განთავსდნენ. ასევე, საქართველოს მთავრობამ უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და მზად არის ეს დახმარება გააგრძელოს. მესამე ეს არის საქართველოს პოზიციების წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე და იცით, რომ გუშინ, საქართველოს პრემიერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი და სწორედ ეს გახლავთ საერთაშორისო კუთხით საქართველოს მთავრობის მოქმედება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.