ასეთი საერთაშორისო კონფერენცია დაგვეხმარება, რომ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ

26/10/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს განახლებადი ენერგიების საინვესტიციო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების და განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების ეფექტურად ათვისების საკითხებზე გააკეთა, მათ შორის ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.

„ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის 2030 წლის მთავრობის ხედვაში – თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების ეფექტურად ათვისება იმისთვის, რომ ქვეყანამ განიმტკიცოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, ასეთი საერთაშორისო კონფერენცია დაგვეხმარება, რომ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გაფორმდა 68 მემორანდუმი, 700 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა მოაზრებული და დაახლოებით 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ის დამატებითი გენერაციის პროექტებია შეთანხმებული. ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს – მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები განხორციელდეს. თბილისში მიმდინარე საერთშორისო კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტის – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0