გიორგი ვოლსკი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება აღნიშნული პარტიის მიმართ პოლიტიკური დევნის განხორციელებას არ ნიშნავს.
”ჩვენ 8 აგვისტოდან ვიმყოფებით წინასაარჩევნო ოპონირებაში. ხომ არ შეიძლება, რომ ოპონენტი პარტიული ძალა ხელმძღვანელობდეს არჩევით ორგანოს, მაშინ როდესაც ამ არჩევით ორგანოში ”რესპუბლიკელები” უმცირესობაში იმყოფებიან? თუ ამ საკითხის განხილვა ახლიდან მოხდება, ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ გასაკვირი და პოლიტიკურად ანგარიჟებული რატომ უნდა დაუძახო იმ ვითარებას, როდესაც ორი პოლიტიკური ძალა ცდილობს თავისი წარმომადგენელი გაიყვანოს თავმჯდომარედ?”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში ვითარება სხვაგვარია.
”პარლამენტის თავმჯდომარე არის ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, ის არის სახელმწიფოს სახე და არ შეიძლება ხარაგაულის საკრებულოს გავუთანაბროთ. თავის საქმეების ამოწურვამდე, ის არის ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურა”, – განაცხადა ვოლსკიმ.