არჩილ ჯაფარიძე FLEX-ის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

19/06/2019

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსთან ირმა მაქარაშვილთან ერთად, ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულ მოსწავლეებს -ანი გამყრელიძეს და ნინო მეტრეველს შეხვდა. ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.
ონის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ანი გამყრელიძემ წარმატებით გადალახა აღნიშნული პროგრამა და გაემგზავრა ამერიკაში გასულ წელს, წელს კი, იმავე პროგრამის გამარჯვებული ონის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო მეტრეველი გახდა.
ანი გამყრელიძე არის eTwinningplus-ის ფარგლებში ორგანიზებული ტურისტული გზამკვლევის კონკურსის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა „-გამარჯვებული. ნინო მეტრეველმა აშშ-ის მიერ დაფინანსებული ბენჯამინ ფრანკლინის 2018 წლის საზაფხულო სკოლის პროგრამაში საქართველო წარმოადგინა.
ნინოს გასულ წელს, ასევე გადაეცა ოქროს სერთიფიკატი მხატვრული წერის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებებისთვის.
დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „კალმოსანი“ შემოქმედებითი წარმატებისთვის. არჩილ ჯაფარიძემ წარმატება უსურვა პროგრამაში გამარჯვებულებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0