არჩილ ჯაფარიძემ, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ისტორიული ძეგლები დაათვალიერა

11/01/2020

მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსთან ქეთი ბერაძესთან ერთად, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ისტორიული ძეგლები დაათვალიერა და ტურიზმის კუთხით, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სოფელ სხვავაში არსებული ქვის ხიდი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ახლახან მიენიჭა, გადმოცემის თანახმად ძეგლი “თამარის ხიდის” სახელით არის ცნობილი. სორის ხიდი / თავდაპირველი ფუნქცია: საგზაო, სატრანსპორტო/საავტომობილო, ამჟამინდელი ფუნქცია-ისტორიული/კულტურული.
პერიოდი: 1860-იანი წლები.
ონის მუნიციპალიტეტის სოფ. სორის ტერიტორიაზე, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს, “სკოდორას“ ვიწრო ხეობაში არსებულ კლდოვან კალაპოტში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მოედინება მდინარე რიონი. მდინარის ორივე, კლდოვან სანაპიროზე აღმართულია ხიდისგან შემორჩენილი ქვითკირით აგებული ბურჯები, ისინი ნაგებია რიყისა და გამოტეხილი ქვით კირის დუღაბზე. ფასადები ძირითადად მოპირკეთებულია ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი, უხეშად დამუშავებული კლდოვანი ქვის კვადრებით. ზოგ ადგილებში ვხვდებით სუფთად გათლილი, მოვარდისფრო-ღიააგურისფერი, მაგარი ჯიშის ქვებით შექმნილ წყობას.
ხიდს ზემოდან დაცქერის, მდინარის მარცხენა მხარეს რამდენიმე ათეულ მეტრზე კედელივით აღმართული “მაგალთის-კლდე“. ფრიალო კლდის დაახლ. შუა წელზე მოჩანს “ყაისის გამოქვაბული“, რომელიც ნაწილობრის ამოშენებულია ქვიტკირით.
აგრეთვე, ხიდის მიმდებარედ უზარმაზარ ქვაზე ამოჭრილია ჭური. ჭელიშში მოღვაწე ბერი ამბროსი ხელაია (შემდგომში კატალიკოს პატრიარქი) გასული საუკუნის დასაწყისსში წერს: “სოფელ წესიდან გავემგზავრეთ სოფელ სორისაკენ. წესიდან ვერსნახევარის მოშორებით რიონის პირზე არის უზარმაზარი ქვა, რომელშიაც ამოჭრილია ჭური. ამბობენ, რომ ის ამოაჭრევინა ერისთავმა მეთოდემ, რომელიც ყოველ წლობით შემოდგომამდე ავსებდა ღვინით, გაზაფხულიდან შემოდგომამდე იქ აყენებდა კაცს, რომლის მოვალეობას შეადგენდა გამვლელ-გამომვლელთათვის ეძლია ღვინო, რომ დაღლილთ ძალა მოეკრიბათ და შემდეგ განეგრძოთ გზა. ამით მეთოდეს უნდოდა, ალბათ, რაჭის დაცარიელებულ ადგილებში დასასახლებლად მიეზიდა ხალხი და აგრეთვე რაჭველების გულიც მოეგო. გარდა ამისა, ამ ჭურის დანიშნულებას შეადგენდა მეთოდეს მამულებში მომუშავეთათვის სამუშაოდ წასვლის და, განსაკუთრებით, სამუშაოდან დაბრუნების დროს დაელევინებიათ ღვინო. როდესაც ჭური გამოიცლებოდა, ხელახლა აავსებდნენ ღვინოთიო. საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ მეთოდე ერისთავს კეთილი ხსოვნა დაუტოვებია ხალხში. მწიგნობრობა ქართული, XII ტომი, გვ. 444”.
ისტორიული ძეგლების დათვალიერებისას მხარის რწმუნებულმა აღნიშნა,რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობს პოპულარიზაცია მოახდინოს ისეთი ისტორიული ძეგლების, რომლის უკანაც ბევრი საინტერესო ისტორია, მითი და ლეგენდა არსებობს. ცდილობენ, მზად დახვდნენ ტურისტულ სეზონს და დამთვალიერებლებს შესთავაზონ საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ეს პროცესები კი რეგიონში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0