პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იშტვან ნაგის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„პირველ რიგში, ეს იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს – ეს არის სექტორული თანამშრომლობა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტები გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც აქვს საქართველოს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ევროკავშირთან, ევროპული ინტეგრაციის ამ ეტაპზე, დღეს კიდევ უფრო აქტიურია.
„რასაკვირველია, ეს მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მიცემის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, რაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობას და თანამშრომლობას ევროკავშირთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.