„მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის. მეცნიერებას შეუძლია წარსულის და მომავალი დააკავშიროს, თაობებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირი უზრუნველყოს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გელათისა და იყალთოს აკადემიების ტრადიციების მემკვიდრეა და ინახავს, თაობებს გადასცემს ცოდნას, რომლის შექმნას სწლეულები სჭირდება. ეს ცოდნა უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის სახელით, პატივისცემა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.
მისი თქმით, მეცნიერების გარეშე ვერცერთი ერი მომავალს ვერ შექმნის და შეცდომაა იმის ფიქრი, რომ მეცნიერება წარსულში დარჩა.
„მეცნიერება არ არის წარსული. სამწუხარო შეცდომას უშვებს, თუ ვინმე ასე ფიქრობდა ან ფიქრობს. მეცნიერება არის მომავალი. თქვენი აკადემია არის უდიდესი ტრადიციების, გელათის და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე. ძალიან მნიშვნელოვანია თაობათა შორის კავშირის უზრუნველყოფა სწორედ მეცნიერების გზით. სხვა ასეთი ძლიერი კავშირი ალბათ, არ არსებობს. პარლამენტის სახელით მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისთვის და მინდა თანამშრომლობის მზადყოფნა დაგიდასტუროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე მიულოცა.
„ილია ჭავჭავაძე განასახიერებს, თუ როგორი რთულია ეპოქების დაკავშირება, როგორი რთულია, წინასწარ დაინახო მომავალი და უთხრა საზოგადოებას, როგორი იქნება ეს მომავალი. ამისთვის შეიძლება მიიღო დიდი მადლობა, მაგრამ, ასევე, შეიძლება მიიღო დიდი განსაცდელი. ილია ჭავჭავაძე, ჩვენთვის იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ, საკუთარი თავი სრულად გადასდოს სამშობლოსთვის და ერისთვის და ეს მნიშვნელოვანი მისია შეასრულოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.