პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს საქართველოში, კიმ სე ვუნგს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო კავშირების შესახებ ისაუბრეს. კიმ სე ვუნგმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის წერილი გადასცა – ეროვნული ასამბლეის სპიკერი ქართველ კოლეგას კორეის რესპუბლიკაში იწვევს.
თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გააქტიურებულია ხალხთაშორისი კავშირები, რასაც ადასტურებს კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში შემომავალი ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა.
მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თბილისი-სეულის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას.
არჩილ თალაკვაძე კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს შეხვდა
24/07/2019