არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა

16/05/2016

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 13-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე ოფიციალურად გამოხატა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცხადებენ, მათ, რეგისტრაციის მიზნით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტანეს ცესკოში განაცხადები.
საარჩევნო ადმინისტრაციამ 15 მაისის მდგომარეობით ორი პოლიტიკური ორგანიზაცია დაარეგისტრირა: „სახალხო ხელისუფლება“ და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; დანარჩენი პარტიები ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადიან, რაც მოიცავს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების, წარმოდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმების ეტაპებს.

”აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, პროპორციული სისტემით მოიპოვეს პირველი სამი ადგილი (ბლოკის შემთხვევაში, ჩამონათვალში რიგით პირველ პარტიას), უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ არჩევნებში დაკავებული ადგილის შესაბამისი რიგითი ნომერი, რის შესახებაც უნდა აღნიშნონ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადში. ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭება”-ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მიმართავს დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0