არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს, დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა დმანისელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესის ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობის მნიშვნელობას.
“თქვენ ალბათ აკვირდებით, როგორ დემოკრატიულად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი დღეს, რამხელა განსხვავებაა თუნდაც 4-5 წლის წინანდელი ვითარებისგან, რაც ხდებოდა 2011 წლის შემოდგომაზე და შემდგომ, მთელი 2012 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დღესაც არის ცალკეული ინციდენტები, მაგრამ მთლიანობაში თვისობრივი განსხვავებაა მიღწეული. არა მხოლოდ საარჩევნო პროცესი,მთლიანად ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ადამიანებს აღარ ეშინიათ მთავრობის, არის თავისუფალი მედიაგარემო და თქვენ ხედავთ რამდენი კრიტიკა ისმის ტელევიზიებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ღირსნი ვართ კრიტიკის, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არის აბსოლუტური თავისუფლებაა ქვეყანაში. ეს არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა გასწია და რომელიც ნამდვილად დავიმსახურეთ,” – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი ძალის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე დიდი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა ჯანდაცვის რეფორმაზე, რათა ადამიანებს აღარასდროს დაუდგეთ ქონების გაყიდვის აუცილებლობა მკურნალობის ხარჯების დასაფარად. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მიმართულებით მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე და მოსახლეობას მიწოდა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი თანამოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
“ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი განვითარების გეგმა და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, გაცილებით განვითარებული, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევის კონკრეტული გეგმა. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმირების, მთლიანად ქვეყანაში მმართველობითი სისტემის ისეთი რეფორმის, როცა თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, მართლწესრიგი და სტაბილურობა ქვეყანაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან, თუ კანონმა არ იკანონა, ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამას აუცილებლად მიაღწევს!” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ახალი ამბები აღარ იწერება ერთ ოთახში, ყველა ტელევიზიისთვის ერთი და იმავე ტექსტით,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიაგარემო ბოლო 4 წლის მთავარი მონაპოვარია.
“ხედავთ რამდენად თავისუფალია მედიასივრცე, ტელევიზიები თავისუფლად გადმოსცემენ სიახლეებს. ვფიქრობთ, ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ამ 4 წლის განმავლობაში და ის მთავარი გარდატეხა, რომელიც მოხდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არის უდიდესი მიღწევა. ასევე დიდი მიღწევაა ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ აუცილებელ მიმართულებებს,” – აღნიშნა პრემიერმა.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა მეშველიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ინიციატივიან ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით და უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი.
“ჩვენ გვაქვს მორალური უფლება თვალებში შევხედოთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის მიტანას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, საჭიროა მოსახლეობის მხარდაჭერა და მყარი უმრავლესობა პარლამენტში.
“შემოვუძახოთ ერთმანეთს მეტი კონდსოლიდაციისკენ, საჭირო არის მეტი მობილიზება, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში და ჩავყაროთ ის საფუძველი, რაც საქართველოს სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი, ამიტომ საჭიროა სტაბილური პარლამენტი და მყარი უმრავლესობა,” – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
დავასრულოთ ერთმანეთთან ჩხუბი, აუცილებლად უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის განვითარების იდეის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარნეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა საქართველომ მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სტაბილური, შეუქცევადი განვითარების წინაპირობას შექმნის.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ძირეულ ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარნეულში და კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოს ბეღელი. ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მარნეულელებისთვის და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ არასოდეს ექცეოდა საქართველოში სოფლის მეურნეობას იმხელა ყურადღება, როგორც დღეს. დღეს გამრჯე ადამიანს შეუძლია უამრავი სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, წამოიწყოს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი,” – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა გახდა წინაპირობა იმისა, რომ დღეს ქვეყანას განვითარების გრძელვადიანი ხედვა გააჩნია. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრედ მისი მრავალფეროვნება და მრავალეთნიკურობა დაასახელა.
“მარნეული არის მდიდარი რეგიონი, საქართველო კი მდიდარი იმით, რომ ჩვენ ასეთი მრავალფეროვანი, მრავალკულტურული რეგიონები გვაქვს. ჩვენ ამით მხოლოდ და მხოლოდ მდიდრები ვართ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ძმობა, ის მეგობრობა, ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებს შორის, რომელიც წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიას, სხვადასხვა კულტურას, მაგრამ არიან ერთი ქართული სახელმწიფოებრიობის შემადგენელი ნაწილი,” – განმარტა პრემიერმა.
მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, ჩვენი რელიგიური კუთვნილებისა, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დადგეს ერთად, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მოვიტანოთ მნიშვნელოვანი, შეუქცევადი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – სავალან მირზოევი წარუდგინა და ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა გააცნო.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გასული 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების კუთხით. მისივე განმარტებით, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამები, რომლით სარგებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
“საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხრათ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გადავდგით სწორი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ერთის მხრივ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და მეორე მხრივ ჩვენს სამეზობლოში განვახორციელეთ სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რითიც შევძელით მიგვეღწია სტაბილურობისთვის,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველ ძალას ქვეყნის მომავალი განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რის განხორციელებასაც “ქართული ოცნების” კვალიფიციური გუნდი შეძლებს.
“იმ მიზნით, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა, ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური გუნდი წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის… მინდა მოგიწოდოთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღეს არის სწორი იდეალების, განვითარების გეგმის გარშემო მთელი ქვეყნის გაერთიანების დრო,” – განაცხადა პრემიერმა გარდაბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში
20/08/2016