შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის განცხადებით, გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა. როგორც საბანაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება. მისივე თქმით, ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
„ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სენაკში, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს, პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა, რომლებზეც პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება. აქედან, 7 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო 8 ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები. გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილებები უკავშირდება მათ სამსახურებრივ მიზნებს, გეგმურ როტაციას, ან პოლიციელთა მხრიდან საარჩევნო ხმის მიცემის კანონიერ უფლებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისინი უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ პერიმეტრზე, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, – განაცხადა საბანაძემ.