არსებული პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან გაუჭირდა

23/12/2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცების ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს.

„18 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგეობების განთავსება მიმდინარეობდა. ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან დავიცვათ. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია. კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ოჯახების, ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია, თუმცა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლადაა გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს ამ მიმართულებით, 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, პირველ რიგში, განისაზღვრება ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებით. ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება, კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა. ყოველწლიურად, დაახლოებით, შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, რომ მსგავს ოჯახებს დავეხმაროთ, ქირით გავიყვანოთ და ქუჩაში არ დარჩნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უკანონოდ მიტაცემული მიწების მოკვლევის შედეგებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბევრ მათგანს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა თუ სოფელში, არაერთი საცხოვრებელი სახლი გააჩნია.

„ჩვენს მიერ დაფიქსირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე იტაცებდა სახელმწიფო მიწებს და უკანონოდ ათავსებდა შენობა-ნაგებობებს:

მოქალაქე ლ.ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე. 2016 წელს მას ოჯახთან ერთად, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილში დაკმაყოფილდა მისი განცხადება, თბილისში ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე, სარგებლობაში არსებულ 696 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამის შემდეგ ლ.ფ-მ მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია;
მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში. ასევე, ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე;
მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე, მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა;
მოქალაქე გ.გ. ასევე, სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი თბილისში, შუამთის ქუჩაზე;
მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, 1 148 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852 კვ.მ და 684 კვ.მ მიწის ნაკვეთები ამავე სოფელში;
მოქალაქე ზ.ტ. რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში. მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე, მამას აქვს დაფიქსირებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.
დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს. უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტიც, რომ ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. კიდევ ერთელ ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებაში უკან დახევას არ ვაპირებთ და ყველა უკანონობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

რადგანაც კონკრეტული მედიასაშუალებები ინფორმაციას არასწორად აშუქებენ და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ რამეს – რა თქმა უნდა, არიან ოჯახები, ვისაც მართლა უჭირს, სოციალურად დაუცველები არიან. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, გამგეობები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა მოვახდინოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა. კონკრეტული პაკეტის მომზადება მთავრობის წინა სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა.

„არსებული პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. პანდემიის პირველი ტალღის დროს მეწარმე სუბიექტებისთვის მთელი რიგი დახმარების პაკეტი შევიმუშავეთ. წინა მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, მოემზადებინა კონკრეტული პაკეტი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პირველ რიგში, შეღავათი შეეხება მუნიციპალტიტეტის მოიჯარეებს. ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ.

„ვინაიდან, პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერი-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი ამ თვეებშიც მოეხსნებათ. ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, ანუ ჩვენთან თუ არის კონკრეტული შპს ან ფიზიკური პირი, ვისაც აქვს აღებული ეს ქონება და შემდეგ გადაქირავებული აქვს, ზემოთაღნიშნული შეღავათები უნდა გავრცელდეს ქვემოიჯარეებზეც. სწორედ ამ პირობით მიიღებს შეღავათს მოიჯარე“, – განმარტა კახა კალაძემ.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან ერთად, გარკვეული შეღავათებით კვების ობიექტებიც ისარგებლებენ. თბილისის მერის განცხადებით, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები საკვებს ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ. შესაბამისად, ამ პერიოდში, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია.

„რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული შეღავათები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებსაც შეეხებათ.

„თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, ასევე, გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც 8 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ორივე ვადა პირველ ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამის შესახებ ჩვენ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწებზე ახორციელებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს დაავალა, დეტალური ინფორმაცია შეღავათების პირობების შესახებ წერილობით განათავსონ მერიის ვებგვერდზე და პრესასთან მაქსიმალური აქტიურობით, ეკონომიკური პაკეტით სარგებლობის პირობები ყველასთვის ნათელი გახდეს. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, როგორც რისკ და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფს, გრიპის ვაქცინა ჩაუტარდებათ. თბილისის მერმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლებს ვაქცინაციის ჩატარება თბილისის მასშტაბით, ნებისმიერ პოლიკლინიკასა და იმუნიზაციის კაბინეტში უფასოდ შეეძლებათ.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით, განისაზღვრა ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფის იმუნიზაცია, რომ M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდეთ. გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან. როგორც ვიცი, უკვე დაგზავნილია მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თუ სად უნდა მივიდნენ, რათა მათი ვაქცინით უზრუნველყოფა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აქცია, რომლის ფარგლებშიც, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. მინდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ვაქცინა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0