არმაზში სასმელი წყლის დამატებით ახალი ჭაბურღილი აშენდება

23/08/2016

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,LDS_Charities“-ის ხელმძღვანელებთან საქართველოში, ბატონ პეტ და ქალბატონ ქორლა მაქფარლენებთან, სადაც ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” შუამდგომლობით ხელი მოეწერა ურთიერთგაგების ხელშეკრულებას ამერიკულ მხარესა და ქალაქ მცხეთის, მცხეთის თემისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს შორის.ხელშეკრულება ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში ქ. მცხეთისა და სოფლების აღდგომლიანთკარის, ახალდაბისა და ბულაჩაურის სასმელი წყლის პროექტების დაფინანსებას. სულ რეგიონში გათვალისწინებულია 343 000 ლარის სამუშაოების შესრულება. მათ შორის, ქ. მცხეთაში, კერძოდ, არმაზის დასახლებაში გათვალისწინებულია დამატებით ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რის შემდეგაც, სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება მრავალბინიან სახლებსა და საბავშვო ბაღს. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 61 160 ლარს (მათ შორის 55600 გრანტია )
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დონორი ორგანიზაციის მხრივ ბატონმა პეტ მაქფარლეინმა, ხოლო მუნიციპალიტეტების მხრივ ქალაქ მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ აბესაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიზო ჩოხელმა.
ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ,,LDS_Charities“-ის წარმომადგენლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0