საქართველოს იუსტიციის მინისტრი არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრსა და არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ გელა სეხნიაშვილთან ერთად ბუენოს აირესში საქართველოს ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული გამოფენის დახურვას დაესწრო.
გამოფენა არგენტინის დედაქალაქში საქართველოს ელჩ გელა სეხნიაშვილის ინიციატივით და არგენტინის ებრაული თემი „დაიას“ აქტიური მონაწილეობით მოეწყო. გამოფენას არგენტინის სახელმწიფო არქივმა უმასპინძლა.
სამი კვირის განმავლობაში არგენტინის ებრაულ თემსა და სხვა დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, ქართულ-ებრაული ურთიერთობის ამსახველ ფოტო-, ვიდეო-, აუდიო- და დოკუმენტურ მასალას გასცნობოდნენ.
არგენტინაში, ტრადიციულად, ძლიერი ებრაული თემია. საქართველოს ელჩის განცხადებით, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრების უნიკალური ისტორია და ის მასალა, რომელიც ეროვნულმა არქივმა ბუენოს აირესში გაგზავნა.