არა და არასდროს!

01/10/2021

დღეს ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასდროს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მან სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ჩატარებული ოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა მოვახსენო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალ პროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით, გაძლიერდა. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს კამერების წინაშე აპატიმრებენ, თუმცა, სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასდროს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი ამ პიჯაკით და შიშველი ხელებით ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მთავარია, იმიტომ რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა. ყველა საერთაშორისო რჩევებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში ჰქონდა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დროა ქართველმა ხალხმა სახელმწიფო არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ერთად ააშენოს.

„აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგორც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე, ამ ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევრპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. უნდა შეასრულოს ყველა დაპირება, მიცემული საკუთარი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე. იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის გაცხადება. დროა, წარსულს ზურგი შევაქციოთ, დროა პარლამენტში ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი იპოვოს და ერთად, და არა ერთმანეთის წინაღმდეგ ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0