ასოცირების დღის წესრიგის განხილვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნეს. მომდევნო შეხვედრა, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული სექტორული თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა 24 ოქტომბერისთვის დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინიტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2017-2020წწ) პოლიტიკურ, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო სექტორს წარუდგინა დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მთავარი პრინციპები, პრიორიტეტები და მიმართულებები. ასევე, გააცნო ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების ინსტიტუციური ჩარჩო.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო სექტორმა წამოადგინა საკუთარი წინადადებები, რომელთა ასახვაც მათი მოსაზრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალ დოკუმენტში. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციები, ზოგადად, დღის წესრიგის ტექსტის პროექტში ასახულია და გამოითქვა მზაობა, რომ შეხვედრაზე მათ მიერ დამატებით გაჟღერებული რეკომენდაციები ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს 2017-2020 წწ-სთვის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორის ღია და აქტიურ ჩართულობას. მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართება და იგი ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული სექტორული თანამშრობლობის საკითხებს დაეთმობა.
არასამთავრობო სექტორმა წამოადგინა საკუთარი წინადადებები
17/10/2016