არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ გარდაბანში შეხვედრა გამართა

13/05/2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ (სამოქალაქო განვითარების სააგენტო) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები წარმოადგინეს. „სიდას“ წარმომადგენელი შეხვედრის მონაწილეებს თვითმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებსა და ვებ-გვერდის განვითარების ხედვაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, სასურველია არსებული ვებ-გვერდის ძირეული ცვლილება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის სხვადასხვა ინსტრუმენტების (facebook,youtube) გამოყენება. ვებ-გვერდის საშუალებით სასურველია დაინერგოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის ელექტრონული სისტემა, შეიქმნას ინგლისურენოვანი კონტენტი ტურისტებისა და ინვესტორების ინფორმირების მიზნით. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საჭიროა საკრებულოს კომისიების, ბიუროს, სხდომების ვადების გამოქვეყნებასთან ერთად სხდომაზე განსახილველი საკითხების გასაჯაროვება. მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს გამგებლის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესი და დებულება. აუცილებელია მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უნდა განისაზღვროს ამ სტრატეგიის განმახორციელებელი სტრუქტურა და საბიუჯეტო პროგრამა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0