არავითარი პოლიტიკური ინტერესი პარლამენტს, მთავრობას არ აქვს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს

07/02/2017

არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს, ან მთავრობას, პირადად მე, არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის განსაზღვრულია ორი მიზანი. პირველი, ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და მეორე, სისტემის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნის წესს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შედგება სიღრმისეული მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ამ საკითხზე ჩვენ არ გვქონია შესაბამისი მსჯელობა. რაც შეეხება პირდაპირ და არაპირდაპირ არჩევას, ძალიან ზედაპირულია ის დისკურია, რომელსაც ვთავაზობთ საზოგადოებას, მარტივად ეკითხებიან ხალხს რა ურჩევნია – მათ აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი თუ აირჩიოს პარლამენტმა, ასეთი ზედაპირული დისკუსია, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს. პრეზიდენტის არჩევის საკითხი არის დაკავშირებული ბევრ კონსტიტუციურ რეგულაციასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ, სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ კონსტიტუციური სისტემა და ამ განხილვის საფუძველზე უნდა განვსაზღვროთ ყველა რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის, პრეზიდენტის სტატუსთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება. არავითარი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს პარლამენტს, ან მთავრობას, პირადად მე, არავის არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი. ეს არ არის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ნულოვანია ასეთი ინტერესი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ და ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. ერთდაერთი ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ არჩევის რომელი წესი მიესადაგება უფრო მეტად იმ სისტემას, რომელის დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა. ამასთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსენსუსი საკონსტიტუციო კომისიაში და კომისიაში შემდგარი მსჯელობის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ წესით შემოღების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0