ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში – უბედურება, ტრაგედია, ომი; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება და ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას.
„არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს დაცვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკა იზრდება და კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდთან შედარებით, ტურიზმი დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი.
„ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, 1-2 კვირაში საბოლოო მონაცემები გამოვა და ამის თაობაზე მოგახსენებთ. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი. ექსპორტი იზრდება, ახლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან, ჩვენ გვინდა, დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით, ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივი მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა შრომისუნარიან, აქტიურ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში, სადაც 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული, ხოლო საბოლოო მიზანია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მივმართო ჩვენს შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ინტენსიურად ერთვებიან დასაქმების პროგრამაში, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული, მათი მზაობა არის დაფიქსირებული და კიდევ უფრო მეტი უნდა შემოვიდეს, ჩვენი მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ. ეს შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის მიღწევადი, მე ვფიქრობ. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 000 ადამიანი დავასაქმოთ. ახლა ვიწყებთ მშენებლობების მასშტაბურ პროექტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრებთან ერთად, სამინისტროების მიხედვით გავივლით ჩვენ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩავერთოთ ამ პროგრამაში,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.