არაბულ ქვეყნებში მილიონი დოლარის ქართული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა

18/03/2016

2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.
„არაბული ქვეყნების დაინტერესება მზარდია და განპირობებულია საქართველოს, როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯით. ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგსა და ცხოველთა ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კეთილსაიმედოობას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, — აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მეცხოველეობის საექსპორტო პოტენციალის წახალისებისთვის ვეტერინარულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაციები სხვადასხვა დაავადებაზე; მიმდინარეობს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო აცრები. დღეისათვის ვაქცინირებულია მილიონამდე წვრილფეხა ცხოველი. დაავადების პრევენციისთვის დამატებით შემოტანილია 700 ათასი ცალი მაღალი ხარისხის ვაქცინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0