ვფიქრობ, რომ ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის, – ამის შესახებ განცხადება “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჰოლანდიაში და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, მაგრამ ანტიევროპულობა ისევ დამარცხდება, როგორც აქამდე დამარცხებულა.
“ვფიქრობ, რომ ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის. ლონდონმა ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, შოტლანდიელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას. გადაწყვეტილება მომავლის ნაცვლად მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვენლოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს. ემიგრანტების წინააღმდეგ ხმა მისცა პროვინციამ, რომელსაც თვალით არ უნახავს ემიგრანტი. ემიგრანტები ცხოვრობენ ლონდონში და ლონდონმა თქვა, რომ ჩვენ ვართ მზად ცხოვრება მათთან ერთად გავაგრძელოთ. საქართველოშიც შეიძლება მოიძებნოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც ეს გადაწყვეტილება უზრუნველყო, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. მგონი, მოვასწრებთ ვიზალიბერალიზებულ საქართველოდ ქცევას, მაგრამ ჰოლანდიაში და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, შეტევა არის ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს. ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.