კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზის“ შესახებ.
ღონისძიებას უძღვებიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის ორგანიზატორი მარიამ კანდელაკი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვლი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი თამთა გოჩიტაშვილი, ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია, გერმანელი ქორეოგრაფი ბი ვან ვარკი და ევროპული ანიმაციური ჯილდოს „EAA“ დამფუძნებელი ოლივიე კატრინი.
რიგით, მე-7 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ცხინვალთან ახლოს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, 1-7 სექტემბერს გაიმართება.
გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით, წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში გერმანია იქნება. ანიმაციური ფილმების ჩვენებასთან ერთად გაიმართება ვორქშოპები.
მცირე ასაკის მიუხედავად, ფესტივალმა ანიმაციის სამყაროში დიდი პოპულარულობა მოიპოვა. ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების ფილმები მონაწილეობენ.
„ნიქოზის“ მეგობრები დრეზდენის, ანესის, სუზდალის, ლაიფციგის ანიმაციური ფესტივალები და სტუდიები გახდნენ.
ფესტივალს დიდი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. სოფელი ნიქოზი ცხინვალიდან 500 მეტრში მდებარეობს. სოფლის არც ერთ მცხოვრებს საცხოვრებელი არ მიუტოვებია. ამაში წვლილი ნიქოზის ხელოვნების სკოლასა (120 ბავშვი სწავლობს) და ანიმაციურ ფესტივალს მიუძღვის. ფესტივალი ყოველთვის ნიქოზელი ბავშვების შემოქმედების წარდგენით იხსნება.
ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის, ასევე, „ქართული ფილმი აფხაზეთის“ ინიციატივით ტარდება.
საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიმართება
31/08/2017