საქართველოს პარლმენტმა, პლენარულ სხდომაზე, ვიცე-პრემიერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების საკითხზე მოუსმინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თავის გამოსვლაში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მან პარლამენტს საკითხის თაობაზე მოსმენის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა.
„ბოლო დროის განმავლობაში მედიაში, საზოგადოებაში და პარლამენტშიც ანაკლიის პორტის პროექტი იქცა ერთ-ერთ მთავარ თემად, მაშინ როდესაც, ზუსტად ერთი თვის წინ გამოვდიოდი ამავე ტრიბუნასთან და ამ თემის ირგვლივ სულ რამდენიმე კითხვა დაისვა. ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი ვერსია, სპეკულაციაც სრულად უსაფუძვლოც, არარეალურიც და პირველ რიგში, უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა ამ პერიოდის განმავლობაში. გაჩნდა, მათ შორის, იმის სურვილიც, რომ ეს პროექტი ერთგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საგანიც გამხდარიყო. ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი ვერსი გაჟღერდა და გარდა ამისა ჩანს, რომ უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი კამპანია იმისთვის, რომ უშუალოდ ამ პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი საზოგადოებრივი აზრი, შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთვარობა და ხელისუფლება არ არის დაინტერესებული. გარდა ამისა, ის სურვილები, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაკავშირდეს ამ კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას, ბადებს იმის ეჭვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ კამპანიას აქვს კონკრეტული მიზანი. აქედან გამომდინარე, მე ვისარგებლე ჩემი უფლებით მომემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის გამართვის თაობაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შორის ურთიერთობებზე და ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობაზე.
„2016 წლის ოქტომბრიდან პირველი წლის განმავლობაში კონსორციუმის ძირითადი საქმიანობა შეეხებოდა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას, სხვადასხვა კვლევას, გენგეგმის შემუშავებას, რაც იქნა შესრულებული. ამაზე მუშაობდა სამთავრობო კომისია კონსორციუმთან ერთად და ამ ნაწილშიც ჩვენ შევითანხმეთ გენგეგმა, თვითონ პორტის განვითარების კონტურები და ეტაპები, თუმცა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ გენგეგმა, სავარაუდოდ, იცვლება და შესაძლოა, ის სამუშაო, რომელიც იმ დროს იყო ჩატარებული, ისიც მოითხოვდეს დამატებით ცვლილებებს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, ანუ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მას შემდეგ რაც ინვესტორი მოახდენდა სრულ ფინანსურ დახურვას, ანუ მოიზიდავდა როგორც საკუთარ დაფინანსებას, კაპიტალს, ასევე ნასესხებ თანხებს იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელებისთვის. მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაცია, შეირჩეოდა მშენებელი და შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან კონტრაქტორი კომპანია, პორტის ოპერატორი და მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიები 40 მილიონის ჯამურად დოლარის ოდენობით იქნებოდა წარმოდგენილი. რეალობაში, პორტის მშენებლობის გარკვეული სამუშაოები 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ამ პორტის მშენებლობისთვის. გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ის სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს არის ფსკერის დაღრმავების სამუშაოების წინასწარი პირველი ფაზა. იმისთვის, რომ ეს სამუშაოები დაწყებულიყო, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ხელშეკრულებაში, გამოვიტანეთ ეს სამუშაოები ძირითადი ფაზიდან მოსამზადებელ ფაზაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვა მივეცით მანამ, სანამ იყო დასრულებული საპროექტო სამუშაოები, არ გვყავდა შერჩეული პორტის ოპერატორი, მშენებელი ძირითადი კონტრაქტორი და რაც მნიშვნელოვანია, კონსორციუმს არ ჰქონდა მოზიდული არც საკუთარი დაფინანსება და ასევე არ იყო სრულად მოზიდული ის სასესხო კაპიტალი, რომელიც არის საჭირო ამ პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, გავათავისუფლეთ კონსორციუმი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან. ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს კონსორციუმიდან, ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილს, თუმცა ვიცით, რომ დეტალური პროექტირება ჯერ კიდევ დაახლოებით 60%-ით არის შესრულებული უშუალოდ კონსორციუმის ინფორმაციით, არ არის მოზიდული დაფინანსება და აქედან გამომდინარე, ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია.
პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილი აქვს კონსორციუმს და გრაფიკითაც ასევე გვაქვს გათვალისწინებული – 2020 წლის ივლისში. პირველი ფაზის დასრულება კი, იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სახელმწიფო ვალდებულების შესრულებაზე საუბრისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ 1000 ჰექტარი მიწიდან, რომლის გადაცემის ვალდებულებაც სახელმწიფომ აიღო, 2015 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით გადაცემულია 251 ჰექტარი სახმელეთო სამუშაოებისთვის და 225 ჰექტარი საზღვაო სამუშაოებისთვის, მათ შორის სახელმწიფომ 58.6 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ გამოესყიდა და კონსორციუმისთვის გადაეცა 76 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
„2019 წლის 6 აგვისტომდე გვაქვს ვადა, რომ გადავცეთ ასევე პირველი ფაზის მშენებლობისთვის დამატებით 78 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ჩვენ, ასევე ვალდებული ვართ, რომ პორტამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა უზრუნველვყოთ პორტის ოპერირების დაწყებამდე. ამ ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა გვაქვს 2021 წლის 9 აპრილი, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სამუშაოები დასრულდეს, რა თქმა უნდა, პორტის ოპერირებამდე. მისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ლარია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავის გამოსვლაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებზე ისაუბრა, რომელიც 8 ძირითად ცვლილებას მოიცავს.
მისი განმარტებით, 8-პუნქტიან მოთხოვნებში მეორე პუნქტი ტვირთბრუნვის რისკის დაფარვის საკითხს ეხება.
„უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ინტერესთა გამოხატვის დროს, სახელმწიფოს ჰქონდა განზრახვა, პორტის აშენება მომხდარიყო სრულად ინვესტორის მიერ, რომელსაც უნდა მოეზიდა სრული დაფინანსება და აეღო სრული პასუხისმგებლობა, როგორც პორტის ოპერირებაზე, ისე ახალი ტვირთების მოზიდვაზე და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებულ ყველა რისკზე. ახლა მივიღეთ ასეთი სურათი – ბანკების ხედვით, პროექტს არ ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც შეძლებს მუდმივი ტვირთების მოზიდვას და აქედან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ ამ რისკების უზრუნველყოფა უპრიანი იქნება, საკუთარ თავზე აიღოს სახელმწიფომ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოლაპარაკების პირველი რაუნდის შემდეგ, როდესაც მთავრობამ განაცხადა, რომ ტვირთების გარანტია არაა მისაღები, ბანკებმა წარმოადგინეს ოდნავ სახეცვლილი წინადადება, რომელიც გულისხმობს სარეზერვო ანგარიშის შექმნას.
„ამ ანგარიშზე უნდა განთავსდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხის მომსახურებისთვის საჭირო თანხა, სახელმწიფოს კი ჰქონდეს უფლება, რომ შეავსოს ეს თანხა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ამ უფლებას არ გამოიყენებს, ბანკებს შეეძლებათ ხელშეკრულების გაწყვეტა, რის შედეგადაც სესხის მთელი ოდენობა უნდა დაფაროს სახელმწიფომ,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ პირობაში მიუღებელია ის, რომ სახელმწიფომ და არა ინვესტორმა უნდა გაიზიაროს და საკუთარ თავზე აიღოს ტვირთბრუნვის რისკები, რაც მათ შორის, გარე ფაქტორების ან ინვესტორის არაეფექტური საქმიანობის შედეგი შეიძლება იყოს.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ბანკები ბევრ ისეთ ცვლილებას ითხოვენ, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული არ ყოფილა.
„ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება პორტთან დამაკავშირებელ გზას და რკინიგზას. ამ ნაწილში ბანკების მოთხოვნაა, რომ სამუშაოები, განსახლება და ყველა პროცესი, წარიმართოს დონორების წესების შესაბამისად, რაც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული. ჩვენ გზა და რკინიგზა უნდა ავაშენოთ სახელმწიფო დაფინანსებით, რაც გვიხსნის დონორების პროცედურების დაცვის ვალდებულებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებული სამუშაოების გრაფიკი ამას არ ითვალისწინებს,“ – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მეოთხე მოთხოვნა სასესხო ხელშეკრულებას ეხება. სახელმწიფოს დღეს აქვს უფლება დაამტკიცოს საკრედიტო ხელშეკრულებების პირობები, ხოლო ბანკების წინადადებაა, მთავრობას მხოლოდ სესხის ოდენობა და ვადა შეუთანხმდეს.
„რა თქმა უნდა, ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია, რასაც ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ მაშინ როცა მთავრობა სესხის უზრუნველყოფის გარანტია და პარალელურად, სესხის შეთანხმების ნაწილში, ასეთი შეზღუდვები შემოდის, ცოტა გაუგებარია, თუმცა ამ თემაზეც ვაგრძელებთ მოლაპარაკებას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მე-5 პუნქტია ოქროს წილთან დაკავშირებული მოთხოვნა.
„პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი აქცია.-ოქროს აქცია. არსებული ხელშეკრულებით, ამ ოქროს აქციით სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ბანკების წინადადებაა, რომ ამ ოქროს აქციის და შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად, მინორიტარული ინტერესის უფლებამდე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შემდეგი პუნქტები ეხება იმ მოვლენებს, რომელიც განაპირობებს ვადების გაგრძელებას, კომპენსაციას ან პოლიტიკურ ფორსმაჟორს და ყველა შემთხვევაში, ცვლილებები, არსებულ რედაქციასთან შედარებით, სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს. მაია ცქიტიშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბანკების მხრიდან არის დასახელებული, ეს არის ხელშეკრულების შეწყვეტა და კომპენსაციის რეჟიმი ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში.
„ეს ეხება უშუალოდ მთელი სესხის უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვითაც თუ ხელშეკრულება წყდება, მთავრობის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ინვესტორის მიზეზით, პორტი ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, იწყება ხელახლა ინვესტორის მოძიება და ის ვალდებულებები, რომლებიც ინვესტორს აქვს აღებული ბანკების წინაშე, გადადის სხვა ინვესტორზე. ამ ეტაპზე, ბანკების მოთხოვნაა სესხების გარანტი იყოს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება გაწყდება სახელმწიფოს ბრალით, 400 მილიონი სესხის დაფარვა მოხდეს დაუყოვნებლივ სახელმწიფოს მიერ, ხოლო თუ ინვესტორის გამო მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა, სახელმწიფომ ეს სესხი სრულად აუნაზღაუროს ბანკებს 4 წლის განმავლობაში,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, თუ მთავრობა ამ ცვლილებებზე დათანხმდება, სახელმწიფოს უწევს ინვესტორის კომერციული რისკების აღება და პრაქტიკულად, სესხის სრულად უზრუნველყოფა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეას საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ ნამდვილად ვართ დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით, ვიყავით დაინტერსებული ამ პროექტით 2014 წლიდან, ეს იყო ჩვენი განზრახვა, ჩვენივე ინტერესთა გამოხატვა. მიუხედავად, ამ სირთულეებისა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ამ ხელშეკრულებას ჰქონდა, ჩვენ ვეხმარებოდით კონსორციუმს იმისთვის, რომ მათ შეესრულებინათ წარმატებით ეს პროექტი. ჯერ კიდევ ამ პოზიციაზე და ვიზიარებთ ამ პოზიციას და ამიტომაც ვართ მათთან ერთად ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულები. დაინტერესებული ვართ არა მარტო იმით, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, არამედ ვართ დაინტერსებული იმით, რომ უშუალოდ ეს კონკრეტული ინვესტორი აღმოჩნდეს წარმატებული ამ პროექტში, ვინაიდან ამ პროექტში ჩვენც და მათთაც აქვთ უკვე საკმარისი დრო, ენერგია და თანხები ჩადებული. ასევე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეას საფრთხე არ ემუქრება,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მოხსენების დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, ანაკლიის პროექტი არის სერიოზული საფრთხის ქვეშ.
„დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანაკლიის პროექტი თავის ვადაში ვერ ჩაეტევა. ანაკლიის პროექტის ვადის გადაწევის სიდიდე აბსოლუტურად გაურკვეველია. ეს შეიძლება იყოს ერთი წელიწადი, შეიძლება იყოს ორი წელი, შეიძლება იყოს ხუთი და შეიძლება ეს იყოს საერთოდ ამ პროექტის ჩაშლა. ვერ გავიგეთ პასუხი, დღევანდელმა ინვესტორებმა – ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა რომც გააგრძელოს საქმიანობა, როდის მოესწრება ამ პროექტის პირველი რიგის დამთავრება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მისი მოსაზრებით, ანაკლიის პორტის პროექტის საქმე სახელმწიფოს მხრიდან დასრულებულია.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა შეიქმნას სპეკულაციების სივრცე, რაც, პირველ რიგში, ვნებს თვითონ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიულ პროექტია.
ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის განცხადებით, ანაკლიის პროექტის მსგავსი კომპლექსური ეფექტი არც ერთ სხვა პროექტს არ გააჩნია დღესდღეობით.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მხარემ და სუბიექტმა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ამ პროექტში, ეს იქნება სახელმწიფო, ბიზნესი, საზოგადოება, მედია, ჩვენი მოქალაქეები, დაინტერესებული ჯგუფები, ყველა მის ხელთ არსებული აქტივი უნდა დაუქვემდებაროს იმას, რომ პროექტი განხორციელდეს და ბოლომდე მივიდეს“, – აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრმა, პაატა კვიჟინაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვაში, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს დრო და ენერგია.
„ანაკლიის პორტი გაკეთდება ყველა შემთხვევაში – ეს არის ყველას ინტერესი. თუ სამწუხაროდ, კონსორციუმმა ვერ გააკეთა ეს, მაშინ თავისუფლად შეუძლია პროექტი გააკეთოს სახელმწიფომ და ეს საგანგაშო არ იქნება, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს კონსორციუმი განახორციელებს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ინფრასტრუქტურის მინისტრს წარმოედგინა ანგარიში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ: „მაია ცქიტიშვილმა გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პროექტზე საჯარო ინტერესი მაღალია და მინისტრმა ამომწურავი და რეალური ინფორმაცია მიაწოდა დეპუტატებს და საზოგადოებას“.
არჩილ თალაკვაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გამოსვლის შეჯამებისას განაცხადა:
„პირველი – გავიგეთ თუ როგორ ვითარდებოდა პროექტი. საქართველოს მთავრობამ 2014 წელს 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ დააინიცირა ანაკლიის პროექტი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროექტი სახელმწიფომ წამოიწყო და იგი არ წამოუწყია რომელიმე ინვესტორს ან რომელიმე ბიზნესმენს. ვერც ერთ რომელიმე ადამიანს ვერ ექნება პრეტენზია, რომ მან წამოიწყო ეს პროექტი.
მეორე – პროექტს სწორედ სახელმწიფომ გადასცა შესაბამისი უძრავი ქონება, საკმაოდ დიდი რაოდენობით და დიდი ფართობები იმისათვის, რომ აშენდეს პორტი და თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურა.
მესამე – სახელმწიფომ გააკეთა თანამონაწილეობა ამ პროექტში იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იყო შესაძლებელი და გონივრული.
მეოთხე – სახელმწიფომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა სპეციალური გარანტიები ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.
მეხუთე – სახელმწიფომ რამდენჯერმე გააკეთა პირობების დაკორექტირება, მინიმუმ 40 ცვლილება არის შეტანილი სხვადასხვა დროს ხელშეკრულებებში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ პროექტს არანაირი ბარიერი არ შექმნოდა და ის განხორციელებულიყო წარმატებით.
მეექვსე – ვადებთან დაკავშირებით მოხდა რამდენჯერმე კორექტირება და გადავადება.
მეშვიდე – სახელმწიფომ თავისთავზე აიღო გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაკეთება. სახელმწიფო რამეს კი არ აგვიანებს, ექვსი თვით ადრე ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა იყოს მზად გზა და ამის სატანადო რესურსი სახელმწიფოს აქვს მობილიზებული.
და მერვე – სახელმწიფომ 100 მილიონის ოდენობის სუბორდინირებული სესხი დაამტკიცა ამ პროექტისთვის. მე შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ გადაწყვეტილებების მთელი ეს ჯაჭვი ადასტურებს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დღემდე იმისათვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო წარმატებით. ყველაფერი გააკეთა კანონის და გონივრულობის ფარგლებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ, თავის გამოსვლაში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოსთვის არის მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება.
„ანაკლიის პორტი – ეს არის ეკონომიკის და უსაფრთხოების პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი და დიდმასშტაბიანი პროექტი. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ინვესტორებთან მოლაპარაკებები. აქეთა მხრიდან, ვინც თქვენ პარლამენტში გყავდათ დაბარებული, პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთებულია გზის და რკინიგზის გარდა, რომელზეც საკმარისი ვადა აქვთ დარჩენილი სამინისტროს და მთავრობას რომ გააკეთოს. ისინი ამბობენ, რომ ამ პირობას შეასრულებენ, ექვსი თვით ადრე პორტის გაშვებამდე, როცა ყველაფერი გაკეთდება იქ, მზად იქნება ეს ინფრასტრუქტურაც ფუნქციონირებისათვის. კიდევ ერთხელ, ძვირფასო მეგობრებო, სწორება გავაკეთოთ მომავალზე, სახელმწიფო ინტერესების გარშემო ვცადოთ მეტი კონსოლიდაცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტს და ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას. დასკვნითი სიტყვით გამოვლისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობა მთავრობისთვის და სახელმწიფოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი.
„ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ მას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ინვესტორთან ურთიერთობას გააგრძელებს და მაქსიმალურად ეცდება, პროცესში კომპრომისის მიღწევას.
„ყველას გვაერთიანებს სურვილი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით აუცილებელია ამ მიზნის გარშემო გაერთიანება. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შევწყვიტოთ პროექტის გარშემო სპეკულაციები და საქმიან დისკუსიას დავუბრუნდეთ. დამერწმუნეთ, ამ პროცესს არაფერი ემუქრება. მთავრობას და სახელმწიფოს გვაქვს პასუხისმგებლობა, რასაც ძალიან კარგად ვიაზრებთ – ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ თანმიმდევრულები, ვიყოთ ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები. ამავე დროს, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე – ჩვენ ვერ მივიღებთ და არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საკითხის ამოწურვის შემდეგ პარლამენტი კანონშემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდა. დეპუტატებმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და სანქციებს. კანონპროექტების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა და შოთა ხაბარელი.