ჩვენ გვინდა სიყვარულზე, ხვალინდელ დღეზე დაფუძნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, განათებული ქვეყანა, დაქოქილი ეკონომიკით და მეტი სიყვარულით და ასეთ ქვეყანას ავაშენებთ ყველა თქვენგანთან ერთად, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამგორის რაიონის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მარიამ ჯაში, გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში წინსვლა და განვითარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება დამშვიდდება და ერთმანეთისადმი სიყვარულით განიმსჭვალება.
„ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ არ იქნება სიძულვილი და ყოველ დილით იმის კითხვა, წინა ღამით რომელმა პოლიტიკოსმა რომელი შეჭამა ტელეეთერში, ვინ ვის აჯობა, ვინ უფრო მეტი ღვარძლი გადმოანთხია და ა.შ. ეს უნდა დასრულდეს. 25 წელი გავიდა – მეოთხედი საუკუნე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ვერ მივიღეთ გაკვეთილი იმ მწარე საკუთარი შეცდომებიდან, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისშივე დავუშვით. იქიდან მოყოლებული, ჩვენი ცხოვრება წარმატებების და ამავე დროს შეცდომების ერთი დიდი ისტორიაა. ამიტომ, ახლა მაინც, საზოგადოება დავამშვიდოთ, ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული, მეტი მოთმინება გამოვიჩინოთ, ვიყოთ კონსტრუქციულები. სიყვარულიდან წამოვიდეს ის შენიშვნაც, რასაც ჩვენ თანამოქალაქეებს ვაძლევთ და არა სიძულვილიდან და მოგების სურვილიდან, რადგან ვერავინ იქნება მოგებული, თუ ასე გაგრძელდა. ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული მოდის იქიდან, რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთი, რიგითი, უბრალო, არაფრით გამორჩეული ადამიანი. მხოლოდ ასე შევძლებთ, ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა და ოთხი წლის თავზე ვიამაყოთ წარმატებებით. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ამ გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ბრძენია, საქართველო მდიდარია მისი მრავალეროვანი შემადგენლობით, იმ კულტურით, რომელიც მრავალფეროვანია, მაგრამ ერთი ძლიერი ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, ფონდმა „ქართუმ“ დააანონსა ახალი, 1-მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ხორციელდება.
„ქუთაისში შეიქმნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი, რომელიც იქნება მეცნიერების და განათლების ახალი კერა საქართველოში. ეს არის უდიდესი რამ ქვეყნისთვის. დღეიდან სამი წლის თავზე დასრულებული იქნება ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, ოთხი წლის თავზე დასრულებული იქნება ძირითადი ინფრასტრუქტურა სამთო კურორტებზე და ქალაქში მოგვარებული იქნება საჭირბოროტო პრობლემები – ავარიული სახლების, სოციალურად დაუცველთა და ა.შ. რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს. ერთი წამით არ ვართ ილუზიაში, რომ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ და საქართველოში ახლა ყველაფერი კარგად არის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების – მარიამ ჯაშის, გიორგი მოსიძის და შოთა ხაბარელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და თითოეული მათგანის ღირსებებზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მარიამ ჯაში იყო ავტორი იდეისა, რომელმაც საქართველოში უკვე 300-მდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა – ეს არის „სოლიდარობის“ ფონდი, რომელიც უშუალოდ მისი ინიციატივით შეიქმნა, 8 მილიონი ლარის ნებაყოფლობით მობილიზება შეძლო და დღეს საქართველოში, დადასტურებული სიმსივნის გამო, უსახსრობის მიზეზით ბავშვები აღარ იღუპებიან.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მარტო ეს საქმე ღირს იმად, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე იამაყოს.
მარიამ ჯაში, ამავდროულად, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამების თანაავტორია.
„ჩვენი ყველა მოქალაქისთვის საამაყოა, რომ 21 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, იმართება სპეციალური შეხვედრა, რომელსაც გენერალური მდივნის ორი მოადგილე ესწრება და რომელზეც საუბარი იქნება საქართველოსა და „სოლიდარობის ფონდის“ წარმატებაზე. არ ვიცი, მეტი რა შეიძლება გააკეთოს ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ნამდვილად ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერება. დარწმუნებული ვარ, მარიამი, მისთვის დამახასიათებელი გულისხმიერებით მოეკიდება და გადაჭრის თქვენს წინაშე მდგარ პრობლემებს, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ვუყურებდი, როგორ მუშაობდა, როგორ არ ერიდება არც ერთ ბარიერს, აღებს აბსოლუტურად ყველა კარს. იგი, არა მხოლოდ სამთავრობო სექტორის, არამედ კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც ეფექტურად მუშაობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მარიამ ჯაშს 11-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს; მას, გაეროს ეგიდით, მიღებული აქვს მონაწილეობა 20-მდე ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის რეფორმირებაში; საქართველოში იყო შიდსისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების თანაავტორი.
„მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი იამაყებდა ასეთ ისტორიით და მე პირადად მეამაყება, რომ მარიამის თანამებრძოლი ვარ. ეს აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვებია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, მარიამ ჯაშმა მსოფლიოში საუკეთესო განათლება მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჰქონდა ძალიან გამართული და წარმატებული საერთაშორისო კარიერა, მაგრამ დაბრუნდა, რომ საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახუროს, რაც დასაფასებელია.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მარიამ ჯაში, როგორც გამორჩეული კანდიდატი, სამგორის რაიონში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, არიან სხვა კანდიდატები, რომლებიც საუბრობენ, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, რაც აბსოლუტური ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა, არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, მარიამ ჯაშზე გააკეთონ.
„არავითარი სხვა არჩევანი სამგორის რაიონში არ არსებობს, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური და მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. მინდა, მარიამს წარმატება ვუსურვო, მთელი გუნდის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო და მინდა, გთხოვოთ თქვენ, ნუ დააკარგინებთ საქართველოს შანსს, ჰყავდეს ასეთი პარლამენტარი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარი კანდიდატები არ არიან სიის მაღალ ეშელონებში, ამიტომ ყველა თქვენგანის ხმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მარიამი შევიდეს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ყველა თქვენგანი იამაყებს, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ“, – მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.