ამ შეთანხებაზე პასუხისმგებელია ორი უწყება – მთავრობა და პარლამენტი

21/06/2016

ჩვენ რა ნოტარიუსები ვართ, რომ ავიღოთ დოკუმენტი, დავადასტუროთ ხელმოწერის სინამდვილე და მის შინაარსში არ ჩავიხედოთ?! – აღნიშნული განცხადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკის სამინისტროსა და მთვარობის წარმომადგენლებს მიმართა. ხმალაძემ მთავრობის მოთხოვნა გააპროტესტა, რომელმაც პარლამენტს “სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებასთან შეერთებისა და აღნიშნულ შეთანხმებასთან ერთად, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონებში ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვის და მიღების წინადადებით მიმართა.
როგორც მან განაცხადა, პარლამენტს მოუწევს დაჩქარებული წესით გადაწყვეტილება მიიღოს საკითხზე, რაც მან არ იცის.

“ამ შეთანხებაზე პასუხისმგებელია ორი უწყება – მთავრობა და პარლამენტი. მთავრობა ამბობს, მოდი გავაკეთოთ რატიფიცირება და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წარმოდგენილი საკითხი 2 400-გვერდიანია და ჩვენ ის დაჩქარებული წესით უნდა მივიღოთ. გამოდის, რომ პარლამენტი უპასუხისმგებლოდ უნდა მოიქცეს, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია დაჩქარებული წესით 2 400-გვერდიანი დოკუმენტის გადახედვაც კი. რა აუცილებლობის გამო გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?!“, – მიმართა ხმალაძემ მთავრობის წარმომადგენლებს.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განმარტა, რომ შეთანხმების და მასთან დაკავშირებული პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის და მიღების აუცილებლობა ევროკავშირის მოთხოვნით არის გამოწვეული, რომელიც დოკუმენტის რატიფიცირებას დიდი ხანია ითხოვს. ქავთარაძის განცხადებით, მთავრობა და სამინისტრო ამ დრომდე შიდა პროცედურებს ახორციელებდა. მისივე თქმით, მთავრობა პარლამენტისგან გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღებას არ მოითხოვდა, რომ არა ის გარემოება, რომ მიმდინარე კვირა ბოლო სასესიო კვირაა. გარდა ამისა, როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, მთავრობა აღნიშულ საკითხზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. ხმალაძისთვის სამინისტროს განმარტება მიუღებელი აღმოჩნდა. მისთვის გაუგებარია, თუკი ევროკავშირი დიდი ხანია საკითხის რატიფიცირებას ითხოვს, პარლამენტს ის უფრო ადრე რატომ არ წარედგინა.

“ჩვენ რა ნოტარიუსები ვართ, რომ ავიღოთ დოკუმენტი, დავადასტუროთ ხელმოწერის სინამდვილე და მის შინაარში არ ჩავიხედოთ?! ეს ხომ ასე არ არის?! საკითხი მთავრობაში სამი წლის განმავლობაში იხილებოდა, ხოლო პარლამენტმა სამ დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხო?! საკითხის ასე დასმა, ცოტა უხერხული ხომ არ არის?! თუკი პარლამენტი არ მიიღებს ამას, ესე იგი ჩვენ ვიქნებით უპასუხისმგებლოები, ქვეყანას მივაყენებთ ზიანებს და ასე შემდეგ. ხოლო მთავრობა არის უმწიკვლო კრავი – მათი ბრალი არაფერია, ყველაფერი პარლამენტის ბრალი იქნება. მე მაქვს პასუხისმგებლობის განცდა და არ მინდა ხელი ისეთ რამეს მოვაწერო, რაც არ ვიცი – ასეთ რამეს არ ვაკეთებ ხოლმე. თქვენ ჩვენგან და პარლამენტისგან ითხოვთ, “არ წაიკითხოთ, სიტყვაზე მენდეთ და მხარი დამიჭირეთ“ კარგი ბატონო, გენდობით, მაგრამ ვარგა, სწორია ასეთი მოქმედება?!“, – განაცხადა ხმალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0