პროექტ „პანორამა თბილისის” ფარგლებში მშენებარე ორი სასტუმრო და შეკვეთილში მშენებარე სასტუმრო და სპა კომპლექსი Marriot-ის უმაღლესი კლასის – ,,Autograph Collection”-ის ბრენდის ქვეშ ერთიანდება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ „Marriot”-ს შორის, დღეს შესაბამის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია, რადგან, ერთის მხრივ, დაკავშირებულია განვითარებასთან, მეორეს მხრივ კი, ადამიანების დასაქმებასთან, ანუ როგორც ეკონომიკური, ასევე, სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტებია, რომ არაფერი ვთქვათ ინვესტიციების მოცულობაზე და ისეთი ბრენდის შემოსვლაზე, როგორიც არის ,,Autograph Collection“. ამ ყველაფერს მხოლოდ დადებითი მხარე გააჩნია,“- განაცხადა დავით ნარმანიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, შენდება ორი სასტუმრო თბილისში, სოლოლაკის მაღლობზე და თავისუფლების მოედანზე და ერთი სასტუმრო შეკვეთილში. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 365 მილიონი დოლარია. სამივე სასტუმროს Marriot-ის უმაღლესი კლასის – ,,Autograph Collection”-ის ბრენდი გააერთიანებს. პროექტების ფარგლებში შეიქმნება 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი.
ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი ესწრებოდნენ.