“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უკანონო მოსმენების დასრულებისთვის კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც prof-news-ს “ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსმენების წინააღმდეგ გადასადგმელი საჭირო ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყანაში სისტემური რეფორმის გატარება.
“ჩვენ მზად ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის, შეხვედრისთვის და მზად ვართ, მხარი დაუჭიროთ არასამთავრობო სექტორის აქტივობას ამ მიმართულებით, ვინაიდან თუ არ გადაიდგა რადიკალური ნაბიჯები და თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა კანონმდებლობის და პოლიტიკური ნების, სხვანაირად ამ უბედურებისგან ჩვენი ქვეყანა ვერ განთავისუფლდება. ამიტომ მზად ვართ, სწორედ არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და პლიტიკურმა პარტიებმა ვიაქტიუროთ, იმისთვის რომ ვაიძულოთ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში წერტილი დაესვას იმ სიბინძურეს, იმ მორალურ ტერორს, რომლის უპრეცედენტო მაშტაბის მოწმეებიც ყველა გავხდით ამ უკანასკნელ პერიოდში”, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” მზად აქვს კონკრეტული ინიციატივები ამ მიმართულებით, რაც სუს-ის რეორგანიზებას გულისხმობს. დავით ბაქრაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის შემუშავებული ცვლილებების პაკეტი პარლამენტში წარადგინოს.
“უკვე გვაქვს კონკრეტული ინიციატივები სისტემური ცვლილებების თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ამ ქვეყანაში მოსმენები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და ეს ინიციატივები პირველ რიგში გულისხმობს სუს-ის რეორგანიზებას და მისთვის პოლიტიკური პოლიციის კომპონენტის ჩამოშორებას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ მზად ვიქნებით გავითვალისწინოთ დამატებითი რეკომენდაციებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ ეს პაკეტი შეგვაქვს პარლამენტში განსახილველად. მაგრამ თუ ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდება მის მხარდასაჭერად, რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ როდესაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ავიღებთ ვალდებულებას, რომ ამის შემდეგ მივიღებთ ამ სტრუქტურულ ცვლილებას და კანონს მათ შორის იმ რეკომენდაციებითაც, რომელსაც გაგვიწევს არასამთავრობო სექტორი და ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის ჩვენ მთლიანად მზად ვართ,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.