პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინადადებით, ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დაამატა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში თავმჯდომარე გახლდათ არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით. გუშინ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკადრო ცვლილების თაობაზე. შესაბამისად, გთავაზობთ, რომ ეს საკითხი დღეს იქნას შეტანილი პლენარული სხდომის დრის წესრიგში პირველ საკითხად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის 22 მარტის პლენარულ სხდომაზე, მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმის – ინტერპელაციის წესის ფორმატში, საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარდგებიან.
20 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.
21 მარტს დაგეგემილია საქართველოს ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების საკითხზე.
დღის წესრიგის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
ასევე, პირველი მოსმენით იქნება განხილული საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ინიციატივა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტთან ერთად.
ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ექნება უფლება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წევრების მიერ დასახელებულ ყველა კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დასაბუთებული ინიციატივის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია, არ წარუდგინოს პარლამენტს დასახელებული კანდიდატი, თუ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭერს მხარს საბჭოს სრული შემადგენლობა. აღნიშნულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომელმაც დაასახელა განსახილველი კანდიდატი.
პლენარულ სხდომაზე, ასევე, განხილული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის არჩევის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-8 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატად წარდგენილი ჰყავს მიხეილ ჩიკვილაძე.
მიმდინარე კვირაში დაგეგმილია „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა. კანონის პროექტი არეგულირებს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებთან და მოვალეობებთან, საბაჟო კონტროლთან, საბაჟო დავასთან, ვაჭრობაში დამცავ ღონისძიებებთან, საქონლის ღირებულებასთან, საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან და საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან, საქონლის საბაჟო სტატუსთან, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, დეკლარაციის შემოწმებასთან და საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები.
19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ოთხმოცდაათზე მეტი განსახილველი საკითხია.
პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ამასთანავე, აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან – „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – განაცხადა, კანონპროექტის კომიტეტზე განხილვამდე, ის გეგმავს საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდეს.
„ამ პროექტმა გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, მათ შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ სპეკულაციას, იმდენად რამდენადაც ჩემი პროექტის მიხედვით არანაირი მინიშნება ან მითითება არ არის რომელიმე კონფესიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, მიზეზი კი გახლდათ ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას. ჩემი ინიციატივაც სწორედ ამას ეფუძნებოდა. რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, მე ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები. მათ შორის, უახლოეს ხანებში ვგეგმავ შეხვედრას იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავათით და მოგიწოდებთ ყველას ერთობლივად ვიმსჯელოთ. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება მთლიანად თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს. ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა, მე ვიტყოდი, არაკეთილსინდისიერად, თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ამიტომ, გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „შესაძლებელია გამოიძებნოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ერთი მხრივ, არ შეიზღუდოს რელიგიის თავისუფლება და მეორე მხრივ, სათანადოდ მოხდეს ქვეყნის თავდაცვის ინტერესების უზრუნველყოფა“.