ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად იყოს დაცული

20/03/2020

„ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად იყოს დაცული. პანიკა არ არის საჭირო, ის აზიანებს საერთო პროცესს, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე და საჭიროა ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ იმ მთავარ საკითხებზე ისაუბრა, რის შესახებაც საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ვირუსის გავრცელება შეაკავოს და ამით, ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიადგეს.

„ყველა შესაძლო ზომა და ნაბიჯი არის გადადგმული როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე, კლინიკური და მკურნალობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგის შენარჩუნებას, რომელიც მიღწეული არის ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების და მოკავშირე სამსახურების მიერ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ შეძლო ორკვირიანი ვადის მოგება და მაშინ, როდესაც მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია მზარდია, საქართველო ამ ტენდენციას თითქმის ორი კვირით ჩამორჩება.

„მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და გავამკაცროთ კიდევ უფრო კონტროლი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემთხვევების უკონტროლო და სწრაფი გავრცელება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რის შესახებაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე იმსჯელეს, ეკონომიკა იყო. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უკვე არსებობს კონკრეტული გეგმები, დამუშავებულია შემდგომი სცენარები და მექანიზმები, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს ბიზნესის, დასაქმებულებისა და იმ ადამიანთა დასახმარებლად, ვინც ამ ეტაპზე უმუშევარია და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის – მიმდინარე პოლიტიკური პროცესისა და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.

„აქაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რაც ჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, მინიმალურად აისახოს საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და ჩვენ სააგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ იმ ვალდებულებების და პირობების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამისთვის ვადები არის განხილული და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭიროებისა და ჩვენების შემთხვევაში, პარლამენტი მზად არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭიროს. არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0