ამ ეტაპზე ჩვენ არსად განვიხილავთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს

04/11/2016

ამ ეტაპზე ჩვენ არსად არ განვიხილავთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს და მათთვის ჩვენი ეს პოზიცია კარგად არის ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ხდება სუვერენიტეტის პრინციპის უხეში ხელყოფა და ”რუსეთი ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ, ეს საკითხი, ბუნებრივია, დღის წესრიგში ვერანაირად ვერ დადგება”.

”მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი მოხდება სერიოზული თვისებრივი წინსვლა და პროგრესი ამ ყველაზე რთული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, რაღაც ეტაპზე შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ არა ახლა.ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რათა რუსეთთან განვიხილოთ ყველაზე რთული პრობლემები, კერძოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, თუ მათი მხრიდანაც იქნება მზაობა, პოლიტიკური ნება, ამისათვის არსებობს ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მექანიზმი და იქ ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი”, – განაცხადა აბაშიძემ.

სააგენტო „რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მისამართით პერიოდულად „კონფრონტაციულ რიტორიკას“ მიმართავს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაწყებულ პოზიტიურ ტენდენციებს არ ამყარებს.

„ამაზე მუდმივად ვეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს, რეგულარული დიალოგის ფარგლებში“, – განაცხადა კარასინმა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების კონტაქტი დაგეგმილი არ არის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0