თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული.
„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეწყერს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა. პირველ რიგში, იყო საუბარი იმაზე, თითქოს, დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც დედაქალაქში რამდენიმე ათეული წელია არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამის შესახებ და მეტიც, ეს ყველაფერი ოფიციალურ ვებგვერდზე – www.tas.ge-ზე ატვირთული იყო. ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქში გვაქვს. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას. სამწუხაროდ, თბილისში მსგავსი მეწყერსაშიში ადგილები კიდევ გვაქვს, რომლებიც ჩვენ მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულია. სამუშაოების ფარგლებში, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით არსებულ ფერდს და როცა გაჩნდა იმის საშიშროება, რომ პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო, მოძრაობა მაშინვე ორმხრივად ჩაიკეტა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას წერილობითაც ვაცნობეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართოს ის პირები, რომლებიც დედაქალაქში მეწყერსაშიში ზონების თემაზე მუშაობენ და სურთ, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ.
„რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ პროცესებში ჩავრთეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები. მათ ორი დღეა დაემატნენ გერმანელი სპეციალისტები. ეს ადამიანები მუშაობდნენ წყნეთი-ახალდაბას მეწყრული გზის აღდგენაზე და ასევე, შეშელიძის ქუჩაზე, სადაც სერიოზული პრობლემა იდგა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ვიცი, რომ არიან გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ქალაქში მსგავს ტერიტორიებს სწავლობენ და ბევრი ინფორმაცია აქვთ. მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ სამუშაო ჯგუფში და ერთობლივი ძალებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, დედაქალაქის მერის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის, დამონტაჟდება სპეციალური მონიტორინგის სისტემა. ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მუნიციპალიტეტს სთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად, განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი.
„ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი განაგრძობს კვლევა-პროექტირებას ჩვენ მიერ მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები, რომ მოძრაობა ჩაიკეტა ორმხრივად და სამუშაოები შეჩერებულია. ამასთან, იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული, რომ უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები.
სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე იქნება, პირველ რიგში ჩვენ მივაწოდებთ მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ექსპერტს, რომ არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, იქ არ შევუშვათ მოქალაქეები. ძალიან ბევრი ადამიანი ადის, ნახულობს და მერე ჩამოაქვთ არასწორი ინფორმაცია, აქვთ მცდელობა პანიკა დათესონ. თუ მათ რეალურად გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა და შეუძლიათ, სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მეწყერსაშიში ზონის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის არანაირი სამუშაო არ განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მსურველებს 20 აპრილიდან მოემსახურება.
„ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელ საბაგიროს, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა და იგი ახლა გადმოეცემა თბილისის მერიას. პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოების სისტემების გამართვა, სარევიზიო სამუშაოები. ამ სამუშაოების დასრულების შემდგომ, 20 აპრილიდან საბაგირო ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა თბილისში საბაგიროების დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.
„ზოგადად, ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, რომ გვაქვს კონკრეტული არეალები ქალაქში, სადაც კვლევის შედეგად გამოიყო ადგილები, სადაც შესაძლებელია საბაგიროს პროექტების განხორციელება. ორ მათგანზე უკვე კონკრეტულად ვმუშაობთ და დეტალურ ანალიზს ვაკეტებთ, პროექტირება ხდება. მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც პროექტი დამზადდება, დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონისთვის თავის არიდების საშუალება არავის მიეცემა.
„ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის მიეცემა საშუალება, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ. ზოგადად სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეფექტურად მუშაობს და რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა უწყების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა იყოს ძალიან ყურადღებით და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. კერძოდ, აღინიშნა, რომ კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას პარკის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მომზადება და სამუშაოების უმოკლეს ვადაში დაწყება დაავალა.
„იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიური სივრცეების მიმართ, თუ რამდენად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და არც უნდა გავჩერდეთ. ჯერ კიდევ არაერთი სივრცეა ქალაქში, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში პარკის განახლების სამუშაოები და წლის ბოლოსთვის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე. ახლა კი მე მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. ეს პარკი გაუბედურებულ მდგომარეობაშია. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არაა სახარბიელო. ამიტომ, მინდა ანდრია ბასილაიას დავავალო, ძალიან სწრაფად დავიწყოთ პროექტის მომზადება. ეს სივრცე 3 ჰა ფართობზეა გადაჭიმული. პროექტი ძალიან მაღალი სტანდარტებით უნდა მომზადდეს. პროექტის შემდეგ, უშუალოდ სამუშაოებზე გადავალთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ლადო შეროზიას, რომელმაც მოქალაქეს დაკარგული საფულე დაუბრუნა.
„რამდენიმე დღის წინ ჩემს სახელზე ერთ-ერთი მოქალაქისგან წერილი შემოვიდა. ქალბატონი ლია მეტრეველი-ცაგარელი წერილში საუბრობდა, რომ დადიანის ქუჩაზე ქურთუკიდან საფულე ამოუვარდა, რაც რამდენიმე ხანში ერთ-ერთმა მოქალაქემ დაუბრუნა. საფულეში მას ოქროს ნივთი და სოლიდური თანხა ჰქონდა. ეს მოქალაქე ჩვენი თანამშრომელი აღმოჩნდა. ლადო შეროზია უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტია. მინდა, მას კარგი საქციელისთვის მადლობა გადავუხადო. თითქოს, ეს ერთი ჩვეულებრივი ისტორიაა, მაგრამ ადამიანური თანადგომის უნარი და კეთილსინდისიერება ნებისმიერი უწყების სიძლიერეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.