ამოსავალი არის ერთადერთი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირება

29/07/2020

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან განხილვის საგნად იქცა, თუმცა მუნიციპალიტეტი მზად არის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

„მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო პერიოდში იქცა დიდი განხილვისა და მსჯელობის საგნად. არიან ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ასევე, არის ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც მოსწონს ჩვენი ხედვა, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში და არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების ჩართულობას, ინტერესს. ჩვენ არასდროს გავურბივართ კითხვებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეკითხვას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავცეთ ამომწურავი პასუხები. სატრანსპორტო პოლიტიკაზე ბევრჯერ გვითქვამს ის, რომ რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ამის ასე გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ვაჩვენეთ, თუ რა მიმართულებით მივდივართ და რის გაკეთებას ვაპირებთ. სტატისტიკას თუ შევხედავთ, თბილისში დაახლოებით, 500 000 ავტომობილზე მეტი გადაადგილდება, ყოველწლიურად ახალი, შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა 5, 6 და 7%-ით იზრდება, რაც ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ ახალი ავტომობილი შეიძინონ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ცუდია, რადგან ეს ქალაქი ავტომანქანების გარკვეულ რაოდენობას იტევს და უფრო მეტის შემთხვევაში, გადაადგილება შეუძლებელი იქნება, ჩვენი რელიეფიდან და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ასევე, ისმის კითხვები რატომ არ შეიძლება გზების გაფართოვება? ეს მიუღებელია, რადგან პირდაპირ წახალისება გამოდის და ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს, დედაქალაქის მერია თბილისში კერძო ავტომანქანებს კრძალავს, არ არის სწორი. კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ ვიზიარებთ განვითარებულ დიდ ქალაქებში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს. ისმის კითხვა – მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული? გამოსავალი არის ერთადერთი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირება. ჩვენი ხედვა, სტრატეგია მიმართულია სწორედ ამისკენ. ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლიანობაში გვინდა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო მეტროში ძალოვანი კაბელების მიმართულებით – ხშირი ავარიები, ხანძარი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამართული.

ასევე, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვეყოლება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა – ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, პროექტი მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი სრულად მოპირკეთდა ბუნებრივი ქვით, სადაც სასიამოვნოა გადაადგილება და ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. ასევე, შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნოდ და მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, მუნიციპალიტეტი კერძო ავტომობილით გადაადგილებას კრძალავს.

„ჩვენ კერძო ავტომანქანებს არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ჩვენ ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასკვნით სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტრანსპორტის მოძრაობა წინასწარ დაანონსებულ სქემაზე გადაერთვება.

„დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის ახალი სქემით მოძრაობა დაიწყება. ადაპტაციის პერიოდში მძღოლებს ყველანაირად დავეხმარებით. ამ პროექტის ფარგლებში, მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირს ნუ განვიხილავთ. ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩები ერთიანი სივრცეა. სქემის დამუშავებისას, ყველაფერი წინასწარ გათვლილია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ შეიქმნას და ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას აცნობა, რომ 30 ივლისიდან სამი ღამის განმავლობაში (00:00-04:00 საათამდე), ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს სატესტო რეჟიმში. აღნიშნულ საათებში, ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზის ხევიდან, გ. წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთამდე გადაიკეტება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართით კიდევ 55 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების თემას. სულ 3 500 ოჯახი იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეს ვალი სახელმწიფოს აღიარებული აქვს, ჩვენ დავპირდით ამ ადამიანებს, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ბევრი ოჯახი უკვე საკუთარი ბინების მოლოდინშია, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა 17 500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, ზემო ფონიჭალაში და გვყავს უკვე გამარჯვებული შპს „პერსპექტივა“, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს დაზარალებული ოჯახები საცხოვრებელი ფართით თეთრი კარკასის მდგომარეობით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით. მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ პირობა გვაქვს ამ ადამიანებისთვის მიცემული, რომ აუცილებლად შევძლებთ მათ დაიბრუნონ თავიანთი საცხოვრებელი ფართები. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერმა დაზარალებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროცესის რიგითობის კრიტერიუმიც განმარტა და აღნიშნა, რომ რიგითობის განმსაზღვრელი, რაოდენობიდან გამომდინარე, ოჯახების სოციალური ქულები იქნება.

„რიგითობას რაც შეეხება, აქაც მარტივი გამოსავალი ვნახეთ – სოციალური ქულების მიხედვით მივაწოდებთ ადამიანებს ბინებს. რადგან 3 500 ოჯახზეა საუბარი, შეუძლებელი იყო რიგითობის დადგენა. ამდენად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების თანმიმდევრობის განმსაზღვრელი სოციალური ქულებია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროს ხელშეწყობაზეც. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მუნიციპალიტეტმა კულტურის ბიუჯეტი გაზარდა.

„თბილისის მერიის პროექტების ფარგლებში, განხორციელდა ისეთი ფესტივალი როგორიცაა „არტ-გენი“, სუხიშვილების ახალი პროექტი „არტეფაქტები“, მუსიკალური პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომელიც წყნეთის ტყეში წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, კულტურის ბიუჯეტი იზრდება, რათა ამ სფეროს ყველა მიმართულებას დავეხმაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მუსიკალური საღამოები დაანონსა.

„1 და 2 აგვისტოს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით ორი კონცერტი ჩატარდება. ასევე, გლდანის განახლებულ პარკში, მე-6 მიკრორაიონში, რომელიც გასულ წელს გავხსენით, 1 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. მუსიკალური საღამოები შემდეგ კვირას უკვე მზიურში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, ბარებისა და ღამის კლუბების მეპატრონეებთან, რათა მათ უსასყიდლოდ გამოიყენონ თავისუფალი მუნიციპალური სივრცეები დროებითი სარგებლობისთვის, ასევე ელექტრონული სცენის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნითა და ელექტრონული მუსიკის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0