ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში მისი ვიზიტის და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აშშ-ის ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა.
„მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ის სურვილი და გადაწყვეტილება, განიხილოს საქართველო, როგორც რეგიონალური ცენტრი და საყრდენი ამერიკული ბიზნესებისთვის, საიდანაც მათ ურთიერთობა ექნებათ მთლიანად რეგიონთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კომერციის დეპარტამენტთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას, მათ შორის – საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, ორგანიზაციული, ასევე საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის მიმართულებით.