ალექსანდრე მოწერელია სვანეთში მყოფ ტურისტებსა და დამსვენებლებს შეხვდა

01/09/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ სვანეთის კურორტები და ტურისტული ზონები მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში გუბერნატორმა ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, იქ მყოფ ტურისტებსა და დამსვენებლებს შეხვდა და მათი შეფასებები პირადად მოისმინა.
ვიზიტის მიზანი იყო რეგიონში, ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების გაცნობა, ინფრასტრუქტურის დათვალიერება, ადგილზე არსებული გამოწვევების გამოვლენა, ტურისტების შეფასებებისა და რეკომენდაციების მოსმენა. როგორც გუბერნატორმა განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთს ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია, რისთვისაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, უახლოეს მომავალში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, რეგიონში ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დასაქმებას.
„სამეგრელოს და სვანეთს ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ. ტურიზმის კიდევ უფრო განსავითარებლად უახლოეს სამომავლო გეგმებში გათვალისწინებული გვაქვს საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ მიმართულებით, ასევე, აუცილებელია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ახალი ინვესტიციები განხორციელდეს. საბოლოო ჯამში, რეგიონში ტურიზმის განვითარება ადგილობრივი ახალგაზრდობის აქტივობის, დასაქმების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“.- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი მთელი რეგიონის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0