ალექსანდრე მოწერელიამ მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გამართა

23/03/2021

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტთან შექმნილი მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე მოწერელია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ბექა ლილუაშვილთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო ჯგუფის ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მეჩაიეობის დარგის განვითარება-აღორძინებისათვის და ჩაის ადგილობრივი წარმოებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება. დღევანდელი შეხვედრის მიზანს მეჩაიეობის დარგის ეკონომიკური ეფექტი და ეკონომიკური ანალიზი წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, ადგილობრივი ჩაის მწარმოებლები. ეს საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ არსებული მდგომარეობის უფრო სრულყოფილი ანალიზი და შევიმუშავოთ რეალური სამოქმედო გეგმა. დღეს ჩვენ იმ კონკრეტულ გეგმაზე ვმუშაობთ, რითაც საბოლოო ჯამში მივაღწევთ მეჩაიეობის დარგში წარმატებას და ეს დარგი ჩამოყალიბდება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგი – ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0