ალექსანდრე მოწერელიამ დამოუკიდებლობისდღე სენაკის ბაზაზე აღნიშნა

26/05/2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში აღნიშნა. სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ და ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ მიულოცეს. ღონისძიების დაწყებამდე მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დღესვე, ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. მან ასევე მადლობის სიგელი გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მოქმედებებისთვის და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრული დასავლეთის სარდლობის მხარდამჭერი ღონისძიებების აღსრულებაში ერთობლივი მონაწილეობისათვის.

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი დღესასწაული, სწორედ ამ დღეს, 1918 წელს, საქართველომ რომელიც რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდა ერთა ლიგის რუკაზე. ამ დიდ ბრძოლაში რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ქვია, ქართველმა შეიარაღებულმა ჯარებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ჩვენი ქვეყნის ღირსების დამცველი. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მსოფლიოს მაგალითი მისცეს, თუ როგორ უნდა იბრძოლო, მცირე ძალებით მრავალრიცხოვან მტერთან. თქვენ ღირსეულად აგრძელებთ ამ დიდ საქმეს, ღირსეულად აგრძელებს ჩვენი თითოეული ჯარისკაცი საერთაშირისო მისიებში მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სადაც არ უნდა იყოს ჩვენი ჯარისკაცი, ის იცავს საკუთარ სამშობლოს, რისთვისაც გიხდით მადლობას. მე მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის, ყველა იმ ჯარისკაცის წინაშე ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა. თუმცა მათი მაგალითი არის სწორედ ის მაგალითი, რაზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობა დგას. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი პროფესიონალიზმი და ღირსება, ვაჟკაცობა და გამბედაობა არაერთხელ აჩვენა. საქართველოს, სჭირდება პროფესიონალური, მაღალი ბრძოლისუნარიანი ჯარი, ჩვენ სწორედ ან გზით მივდივართ, რისთვისაც მადლობას გიხდით. ასევე მადლობას გიხდით პანდემიის პროცესში თქვენი მონაწილეობისათვის, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით რა გველოდა ხვალინდელ დღეს, როგორ გავრცელდებოდა ეს დაავადება, ამ დროს ჩვენი შეიარაღებული ძალები დადგა ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით, ეს ბუნებრივიცაა. მინდა წარმატებები გისურვოთ, გისურვებთ უახლოეს მომავალში ერთიან, მთლიან, ძლიერ საქართველოში გვეზეიმოს დამოუკიდებლობის დღე“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართვის დროს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0