აკაკი წერეთლის სახელობის ახლადრეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გამოფენით – „გერმანული ფერადი ენა“ გაიხსნა

06/09/2021

ჭავჭავაძის N24-ში თბილისის აკაკი წერეთლის სახელობის რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია შარშან, თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით დაიწყო. რეაბილიტირებული სივრცე, დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ერთად დაათვალიერა.

„ეს ბიბლიოთეკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ახლა კი ისეა კეთილმოწყობილი, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს წიგნი. ჩვენ მსგავსი ტიპის ცვლილებები სხვა ბიბლიოთეკების შემთხვევაშიც გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ყველაფერი გავათანამედროვოთ და ყველა თაობის ადამიანისთვის საინტერესო გავხადოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული ბიბლიოთეკის დიზაინის ავტორები ზაზა იაშვილი და სოფიო მაჭავარიანი არიან. ფილიალი თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად განახლდა, თუმცა, ამავდროულად, შენარჩუნებულია შენობის ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერის უნიკალური მხატვრობა. ბიბლიოთეკაში გამოყოფილია საბავშვო ზონაც და განახლებულია წიგნადი ფონდი. რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა გამოფენით – „გერმანული ფერადი ენაა“. გამოფენა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა. გამოფენა სამასამდე გერმანულენოვან გამოცემას აერთიანებს. მათ შორისაა, მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები და დარგობრივი ლიტერატურა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება გერმანული ენის სახელმძღვანელოები, სერია „საუკეთესო გერმანული წიგნები“ (Die schönsten deutschen Bücher) და გერმანული ლიტერატურის ქართული თარგმანები. სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემლაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუთი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი დიტერ შმიდტი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0